სოფლის მეურნეობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, შპს "მექანიზატორის" დირექტორის მოადგილის მამუკა ივანიაძის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი პროკურატურას ივანიაძის მიერ მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ მიცემული ჩვენებების ძირითადი ფრაგმენტების განსაჯაროებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ნიკოლაიშვილმა "პირWელს" დღეს პროკურატურაში გამართული იმ ბრიფინგის კომენტირებისას განუცხადა, სადაც პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა სპეციალური ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგები განასაჯაროვა და მამუკა ივანიაძის მიმართ ყოველგვარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება გამოირიცხა.
ადვოკატი პროკურატურას მოუწოდებს, რომ ივანიაძის მიერ გამოძიებისთვის მიცემული იმ ჩვენებებიდან ძირითადი ფრაგმენტები განასაჯაროვოს, სადაც ივანიაძე სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.
"მე ძირითად საქმეში ჩართული არ ვიყავი, ამიტომ დეტალებს არ ვიცნობ ბოლომდე. იმ დაკითხვას ვესწრებოდი, სადაც ივანიაძე ჯერ 5, შემდეგ კი 7 საათის მანძილზე მოწმის სახით დაიკითხა და სადაც ივანიაძემ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის გამოყენების მეთოდებზე დეტალურად ისაუბრა. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის არ იტყუებოდა. მისი ჩვენება დეტალური და დამაჯერებელი იყო. პროკურატურამ დღეს ვიდეოკარები განასაჯაროვა, არ ვიცი ეს ფარულია თუ ღია, თუმცა ივანიაძესთან შეთანხმებულადაც რომ იყოს ჩაწერილი, ეს მაინც მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდების ფაქტებს არ უარყოფს, რადგან ივანიაძემ თქვა, რომ ის ყველაფერზე თანხმდებოდა, რასაც პროკურატურა სთავაზობდა. თუ პროკურატურას საქმის ობიექტურად გამოძიება სურს, მან უნდა განასაჯაროვოს ივანიაძის მიერ მიეცემული ის ჩვენებები, რომელიც მან ჩემი თანდასწრებით მისცა და სადაც ივანიაძე ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. ცალმხრივად ჩვენება საზოგადოებას ობიექტურ სურათს ვერ შეუქმნის, ამიტომ მოვუწოდებ, რომ პროკურატურამ ეს ჩვენებები განასაჯაროვოს და შემდეგ საზოგადოება თავად გამოიტანს დასკვნას, განხორციელდა თუ არა ივანიაძეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.