თურქეთი ე.წ. მინიავტობუსებს საქართველოში შემოსასვლელად გადასახადს არ გადაახდევინებს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, თურქეთმა ამ ტიპის მანქანებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადასახადი დაუწესა, რამაც პრობლემები შექმნა.
"საკმაოდ დიდი პრობლემა შეექმნათ პანელური ტიპის ავტომანქანებს თურქეთში ტრანზიტისას. ეს იყო გადასახადი, რომელიც ეხება თურქეთში გამომავალ და საქართველოში შემდეგ რეგისტრირებას დაქვემდებარებულ მანქანებს. მე მქონდა სატელეფონო საუბარი თურქეთის ტრანსპორტის მინისტრთან. ძალიან დიდი სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ მან გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და გადასახადების გადავადება მოხდა. ანუ დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. მინიავტობუსებს, რომლებსაც პრობლემა შეექმნათ, ისინი გადასახადის გარეშე გამოივლიან თურქეთის ტერიტორიას და მოახდენენ საქართველოში შემოსვლას. ამ ტიპის ავტომობილები გადასახადის გადახდას არ ექვემდებარებოდნენ, თუმცა თურქეთმა რაღაცა პერიოდში აამოქმედა ეს გადასახადი. ეს არის გამონაკლისი საქართველოსთვის, რადგან ყველა სხვა ქვეყნის ამ ტიპის მანქანები გადასახადებს იხდიან", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ თურქულმა მხარემ სატრანზიტო საფასურის გადახდის მოთხოვნით საზღვარზე შეაჩერა საქართველოსკენ მომავალი M1 კატეგორიის ზემოხსენებული ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ამ ავტომობილებისთვის შეფერხება 5 ივლისს მოიხსნა.