ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტი იუსტიციის სამინისტროს მიმართავს, დროულად მოახდინოს ყველა იმ მოხელის გადამზადება , ვინც მოწმეთა დაკითხვასთან დაკავშირებულ ახალი ტიპის სამართალწარმოებაში ჩაერთვება.
როგორც კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელია აცხადებს, პროცესს კომიტეტი თვალ-ყურს მიადევნებს და რამდენიმე სხდომასაც გამართავს.
"მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, პროცესში მხარეებს ჰქონდეთ თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები და შეჯიბრობითობის პრინციპი იყოს დაცული. ამასთან, როდესაც მთავრობა აცხადებს, რომ მას აქვს სერიოზული პრობლემები, ასახელებს კონკრეტულ არგუმენტებს, რომ საჭიროა უწყების ყველა შესაბამისი თანამშრომლის მომზადება და ასახელებს კონკრეტულ ვადას, ბუნებრივია, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ", – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
სასამართლოში მოწმეთა დაკითხვის წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, მთავრობამ მოთხოვნილი ვადა 11 თვით შეამცირა. მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის პროცესით განსაზღვრული მოწმის დაკითხვის ახალი პროცედურა 2014 წლის 1-ელი დეკემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ადამიანის უფლებთა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული წესი მიმდინარე წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება.