საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულდა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, დღეიდან იწყება მუშაობა შეთანხმების ტექსტის სამართლებრივ ექსპერტიზაზე და მის ხელმოსაწერად მომზადებაზე.
"დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომელიც თავის მხრივ ასოცირების შეთანხების ნაწილია. მოლაპარაკებების პროცესის დასრულება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია მიმდინარე წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის წინ. დღეიდან იწყება მუშაობა შეთანხმების ტექსტის სამართლებრივ ექსპერტიზაზე და მის ხელმოსაწერად მომზადებაზე. ამ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მაქსიმალურად სწრაფად და ამავე დროს ხარისხიანად დასრულება, ახალი მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენდა, ეს არის საქართველოს ევროპული არჩევანის კიდევ ერთი დადასტურება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ როგორც მოლაპარაკებების პროცესმა აჩვენა, საქართველოს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთნდობასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა აქვს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ამ შეთანხმებით მისი ძალაში შესვლის შემდეგ საქართველო მიიღებს შესაძლებობას, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში მოახდინოს როგორც საქონლის, ასევე, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მომსახურების ექსპორტი ევროკავშირში.
"განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შეთანხმება გულისხმობს არა მარტო საიმპორტო ტარიფების ლიბერალიზაციას, არამედ ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების მოხსნასაც. წვდომა ევროკავშირის, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს და მდიდარ ბაზარზე, არის მძლავრი იმპულსი ქართული ბიზნესისა და ექსპორტის განვითარებისთვის. ეს შეთანმება ასევე მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს მიმზიდველობას პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პროცესში გაიმართა 6 რაუნდი, თბილისსა და ბრიუსელში, ასევე რამდენიმე ათეული ვიდეოკონფერენცია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს მთავრობის ყველა შესაბამისი სამინისტრო და უწყება მონაწილეობდა.
კვირიკაშვილის თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშეკრულება ძალაში ერთი წლის განმავლობაში შევა. მისივე შეფასებით, შეთანხმება შესაძლებლობას მისცემს ქართველ მეწარმეებს, ბრუნვის პირობებით დაკმაყოფილების შემთხვევაში, თავისუფლად შევიდნენ მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს.
მინისტრის ინფორმაციით, საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას. "ევროკავშირს პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმება გაფორმებული აქვს 45 ქვეყანასთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოლდოვასა და სომხეთთან. უკრაინასთან შეთანხმება უკვე ინიცირებულია", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.