"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის.
კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის პრეზენტაციაც დღეს ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა გამართა, პარტიების საქმიანობაში არსებული შეზღუდვების მოხსნასა და დასაბუთებული ხარჯების დამატებით ანაზღაურებას ეხება. არაფერი იცვლება კანონის იმ ნაწილში, რომელიც პარტიების, კერძოდ კი ე.წ. კვალიფიციური სუბიექტების საბიუჯეტო დაფინანსებას ეხება.
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების თანახმად, პარტიებისათვის იზრდება საჯარო ღონისძიების მოწყობის შედეგად ნებადართული შემოსავლების ოდენობა 60 000 ლარიდან 300 000 ლარამდე.
შემოწირულობის უფლება უბრუნდება იურიდიულ პირებს იმ აუცილებელი პირობის დაცვით, რომ მისი პარტნიორები და საბოლოო ბენეფიციარები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ. პროექტის თანახმად, პარტიის მიერ იურიდიული პირისგან მიღებული შემოწირულობა წელიწადში 120 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
ადამინისტრაციული რესურსის და პოლიტიკური კორუფციის საწინააღმდეგოდ შემოდის ახალი შეზღუდვები: შემომწირველი არ შეიძლება იყოს ის იურიდიული პირი, რომელსაც წინა კალენდარული წლის ან საარჩევნო წლის კენჭისყრის დღემდე, ფაქტობრივი შემოსავლების 15%-ზე მეტი მიღებული აქვს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებით. გარდა ამისა, შემომწირველი არ შეიძლება იყოს ის იურიდიული პირი, რომლის პარტნიორი სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოა, თუნდაც 1% წილობრივი მონაწილეობით).
ამავე ცვლილების ფარგლებში, 4%-დან 3%-მდე მცირდება საპარლამენტო არჩევნებში პარტიების დაფინანსების ბარიერი. ბიუჯეტიდან პარტიებზე გასანაწილებელად გამოყოფილ თანხას აიღებს ის პარტია, რომელმაც უკანასკნელ საპარლამენტო ან უკანასკნელ ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში გადალახავს 3%-იან ბარიერს.
პარტიას უფლება ეძლევა ყოველ კალენდარულ წელს, თავისი საქმიანობის უზრუნველსაყოფად, აიღოს კრედიტი 1 მილიონი ლარის ოდენობით. სადღეისოდ მას ეს უფლება მხოლოდ არჩევნების წელს და ისიც მხოლოდ საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შემდეგ წარმოეშობა.
ორჯერ მცირდება პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში დასაშვები ხარჯის საერთო ოდენობა. პროექტის თანახმად, ის აღარ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,1%-ს.
ქალების საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, პარტია მიიღებს დაფინანსებაზე დანამატს 30%-ის ოდენობით, თუ მის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატთა ყოველ ათეულში განსხვავებული სქესის წარმოდგენილი სულ მცირე 30% იქნება.