საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძე დარწმუნებულია, რომ "ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას წინ არაფერი აღუდგება".
ამის შესახებ ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
"ეს არის ვილნიუსის სამიტის წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. იმედი მაქვს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანა იქნება წარმოდგენილი. საუბარი იქნება იმაზე, თუ რა პერსპექტივა აქვს თითოეულ ქვეყანას ვილნიუსის სამიტის მოლოდინში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან დადებითი შეხვედრა ყოველ მხრივ და ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას წინ არაფერი აღუდგება", - განაცხადა ფანჯიკიძემ.