პარტიისთვის რიგგარეშე ფინანსური აუდიტის ჩატარებისათვის აუდიტის სამსახური ვალდებული ხდება ნებართვის მისაღებად სასამართლოს მიმართოს. გარდა ამისა, აუდიტის სამსახური ვალდებული ხდება სასამართლოს თანხმობის მისაღებად მაშინაც მიმართოს, როცა შემოწირულობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის ფინანსების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა სურს.
ამას "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს ინიცირებისთვის უკვე წარედგინა.
ამავე ცვლილებების ფარგლებში, ზუსტდება სასამართლო მექანიზმები აუდიტის სამსახურის მიერ უკანონო შემოწირულობის თუ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მიღებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დადასტურების საკითხებზე.
პარტიების შემოსავლებისა და ხარჯების გამჭვირვალობის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული ხდება პარტიის/საარჩევნო სუბიექტის საფინანსო დეკლარაციათავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
პარტიის მიერ დადებული გარიგების ბათილად ცნობის უფლება კვლავ უბრუნდება სასამართლოს კომპეტენციას.
ცვლილებების თანახმად, მცირდება კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის მიღება ან დამალვისათვის ჯარიმის არსებული ხუთმაგი ოდენობა, ორმაგ ოდენობამდე. ასევე მცირდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მის მიერ მოთხოვნილი და კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობისათვის დადგენილი 5000 ლარიანი ჯარიმის ოდენობა − ფიზიკური პირისათვის 1000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისათვის 2000 ლარით.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების გარდა, პარლამენტს რამდენიმე პროექტად წარედგინა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები.