ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, არასაპარლამენტო პარტიები 1 მილიონი ლარის მიცემას საპრეზიდენტო არჩევნების წინ, წინასწარ ითხოვდნენ.
მისივე თქმით, ე.წ. დასაბუთებული ხარჯების დასაფარად 1 მილიონის გამოყოფის ინიციატივა თავად არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან წამოვიდა, რომელთა შეთავაზებაც იყო ყველა პარტიისათვის აღნიშნული თანხის წინასწარ გამოყოფა.
"არ ვიცი, რამდენად სწორია, რომ პარტიებმა ხარჯებისათვის თანხა არჩევნების წინ მიიღონ, ან რამდენად სწორია დაფინანსება ისეთმა პარტიებმა მიიღონ, რომელსაც არჩევნებში საერთოდ მონაწილეობა მიღებული არ აქვთ. მე მათ ვუთხარი, რომ ეს არ არის არც მამაჩემის და არც მამათქვენის ფული. ეს ქართველი ხალხის ფულია და უფლება არ გვაქვს მისი იმგვარად განკარგვის, რომ ვინც არჩევნებში მონაწილეობას მოინდომებს, ბიუჯეტიდან თანხა ყველამ წინასწარ მიიღოს", – აცხადებს ქუცნაშვილი.
საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იმ კანდიდატს, ვინ ხმათა 10%-ს ან მეტს მოიპოვებს, ბიუჯეტიდან აუნაზღაურდება ხარჯი - 1 000 000 ლარის ოდენობით. ასეთი წესი ამჟამად მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე, ამ არჩევნებში ბარიერის გადალახვის შემთხვევაში ვრცელდება.