მთავარი პროკურატურის გამოძიების შედეგებით, სოფლის მეურნეობის სამინტროს დაკავებულ მაღალჩინოსანთა საქმეში ბრალდებულ მამუკა ივანაიძეზე გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა არ დასტურდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში საგანგებო განცხადება გაკეთდა. როგორც პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა განაცხადა, უდავოდ დადასტურებულია, რომ ტრაქტორების შესყიდვის საქმეზე ივანაიძის მიერ გამოძიებისთვის ჩვენება მიცემულია საკუთარი ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში, დამოუკიდებლად, ყოველგვარი კანონსაწინააღდეგო ზეგავლენის გარეშე.
"მამუკა ივანაიძემ განაცხადა, რომ სასურველი ინფორმაციის მიღების მიზნით პროკურატურის თანამშრომელთა მიერ მასზე სისტემატურად ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება და საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი. დაისვა ორი ამოცანა – წარმოადგენდა თუ არა ივანაიძის მოწოდებული ინფორმაცია ცრუ ჩვენებას და მეორე – დარღვეულ იქნა თუ არა საპროცესო კოდექსის წესები მისი დაკითხვისას. ორივე კითხვას ამომწურავად გაეცა პასუხი. უდავოდ დადასტურებულია, რომ ტრაქტორების შესყიდვის საქმეზე ივანაიძის მიერ გამოძიებისთვის ჩვენება მიცემულია საკუთარი ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში, დამოუკიდებლად, ყოველგავრი კანონსაწინააღმდეგო ზეგავლენის გარეშე და მასში ასახული ყველა ფაქტობრივი გარემოება შეესაბამება სიმართლეს. მათი ნამდვილობა და უტყუარობა კი ამ ჩვენების დამოუკიდებლად დაგენილია ათეულობით მოწმის ჩვენებით, ამოღებული დოკუმენტებით, ნივთიერი, მათ შორის ვიდეო და სხვა ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა მტკიცებულების ერთობლიობით", - განაცხადა პროკურორმა.
მისივე განმარტებით, განსაკურებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ივანაიძის ჩვენებაში დაფიქსირებული მონაცემები არსებითად ახალი და განსხვავებული იყო იმ მომენტისთვის არსებული საგამოძიებო ვერსიისგან.
"ივანაიძის ჩვენება თავისი შინაარსით აღიარებითი და მამხილებელია და დანაშაულის საბოლოო გახსნა განპირობებული იყო სწორედ მისი თანამშრომლობით. ჩვენებაში დაფიქსირებული მონაცემები არსებითად ახალი და განსხვავებული იყო იმ მომენტისთვის არსებული საგამოძიებო ვერსიისგან, რითაც ეჭვგარეშე დასტურდება, რომ ამ ინფორმაციის მატარებელი იყო უშუალოდ ივანაიძე და არა გამომძიებელი და პროკურორი", - აღნიშნა შოთა ტყეშელაშვილმა.
ამასთან, მთავარმა პროკურატურამ მედიას ვიდეომასალაც წარუდგინა, რომლითაც, მათი განმარტებით, ნათლად ჩანს, რომ ადვოკატების აცილება მოხდა ივანაიძის დაჟინებული თხოვნით და არა ვინმეს მხრიდან იძულების შედეგად.
"ივანაიძის აზრით, ადვოკატები მისი კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ. ამასთან, ივანაიძემ ნებაყოფლობით გამოხატა სურვილი არა მარტო ღია თანამშრომლბაზე, არამედ მან საკუთარი ინიციატივით გამოთქვა მზადყოფნა დამნაშავე პირთა მხილებისთვის წარმოებულ ფარულ ოპერატიულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე", - განაცხადა პროკურორმა.