ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 6 სექტემბრისთვის გადაიდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება საქმეში ახალი ადვოკატის ჩართვისა და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.
ბრალდების მხარე საქმის არსებითი განხილვის გადადებას აგვისტოს შუა რიცხვებისთვის ითხოვდა, თუმცა შვებულების პერიოდიდან გამომდინარე, მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო, რომ პროცესი 6 სექტემბრიდან გაგრძელდეს.
დღეს, რობაქიძის მკვლელობის საქმეზე, არსებითი განხილვის პროცესი გაიმართა. სასამართლო პროსესზე გამოიძახეს ბრალდებულები, შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებმაც დააფიქსირეს, რომ თავს უდანაშაულოდ ცნობენ. დღეს გამართულ პროცესზე ვერ მოესწრო მხარეების მხრიდან შესავალი სიტყვის წარმოთქმა.
როგორც დაცვის მხარის ადვოკატმა კახა შონიამ განაცხადა, პროცესის გადადების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ბრალდების მხარე შესავალი სიტყვისთვის მზად არ იყო.
რაც შეეხება ბრალდებულებს, პროცესის შემდეგ მათაც გააკეთეს ჟურნალისტებთან კომენტარები. როგორც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა, მთავარი მტკიცებულება ის ვიდეოფირია, რომელიც მკვლელობის ადგილზეა გადაღებული. ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, რომ მიუხედავად აღნიშნული ფირის ირგვლივ არსებული ინფორმაციებისა, საქმეში დაკითხულები არიან ის პირები, რომლებიც ადასტურებენ, რომ შემთხვევის ადგილას ბუტა რობაქიძისა და მისი მეგობრების ავტომობილში იარაღი ნახეს.
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში, 6 პირს აქვს ბრალი წაყენებული, მათ შორის შს სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილ უფროსს გურამ დონაძეს.