სახალხო კრება აშშ-ის ელჩისგან პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე შეფასებას ელის.
ამის შესახებ სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
"2013 წლის 20 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებოდ განაცხადა, რომ 2011 წლის 26 მაისის ღამის სპეცოპერაციის ყველა დეტალს საქართველოს შსს-ში სპეციალურ მონიტორებზე აკვირდებოდა FBI-ის ჯგუფი, რომელმაც მოგვიანებით დასკვნა დაწერა, რომ აქციის დაშლა კანონის სრული დაცვით განხორციელდა. ეს განცხადება ჩვენთვის - სახალხო კრების აღმსარულებელი საბჭოსთვის, ისევე როგორც ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. სააკაშვილის ეს განცხადება ან მორიგ გამიზნულ ტყუილსა და საგანგებო დეზინფორმაციას წარმოადგენას, რაც მისგან უკვე დიდი ხანია, აღარავის უკვირს, ან საქმე გვაქვს მართლაც რომ საგანგაშო ვითარებასთან. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ბოლო წლების მანძილზე ძირითადად საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ მხოლოდ მავნებლობითაა დაკავებული, ახლა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორს აშშ-ს სდებს ბრალს 26 მაისის სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაციის დაგეგმვასა და ორგანიზებაში, რასაც ადამიანთა გარდაცვალება, აქციის ასობით მონაწილის დასახიჩრება, წამება, უკანონო თავისუფლების აღკვეთა მოჰყვა. აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართალის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული ეს სკანდალური განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა სერიოზულ რეგირებასა და განმარტებებს საჭიროებს, ვინაიდან აღნიშნული განცხადება საქართველოში ანტიამერიკული განწყობების გაღვივებას გამოიწვევს. სახალხო კრების აღმსარულებელი საბჭო და 26 მაისის მონაწილეები აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისგან რიჩარდ ნორლანდისგან პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ამ უპრეცენდენტო და სკანდალური განცხადების შეფასებას ველით", - განაცხადა სახალხო კრების აღმსარულებელი საბჭოს სახელით გია ბურჯანაძემ.