ლაშა თორდია:    აუდიტის სამსახური სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისათვის მზად არის

ლაშა თორდია: აუდიტის სამსახური სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისათვის მზად არის

მთელი რიგი რეკომენდაციები, რომელიც საპარლამენტო კომისიის მიერ აუდიტის სამსახურის მისამართით არის გამოთქმული, უკვე გათვალისწინებულია , - ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ აუდიტის სახელმწიფო სამსახურის საქმიანობის თაობაზე დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა. ლაშა თორდიას განმარტებით, მისი უწყება სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისათვის მზად არის.

"იყო გარკვეული ხარვეზები პრემიების გაცემის წესთან დაკავშირებით. ზუსტად ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, იმისათვის რომ ეს პროცედურები და პროცესები იყოს ძალიან გამჭვირვალე, რათა შემდგომში კითხვის ნიშნები არ არსებობდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავინახოთ ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები, რათა ეს პრობლემები იქნას გადაჭრილი. თუ იქ არის რაიმე ტიპის საკითხი, რომელიც შეეხება სამართალდამცველ ორგანოებს, ეს სამართალდამცველების საქმეა, ისინი გამოძიებენ და ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ სამართალადამცველებთან და თუ იყო რაიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, პასუხები გავცეთ", - განაცხადა ლაშა თორდიამ.

დროებით საპარლამენტო კომისიის შეფასებით, კონტროლის პალატა, რომელიც თავისი ფუნქციით მაგალითი უნდა ყოფილიყო ქვეყანაში საბიუჯეტო სახსრების მომჭირნედ და ეკონომიურად ხარჯვის თვალსაზრისით, უყაირათობის და ფლანგვის ნიმუში გახდა.

დროებით საპარლამენტო კომისია, რომელმაც გასული წლის პერიოდში კონტროლის პალატის მიერ გაწეული საქმიანობა შეაფასა, გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, სამართალდამცავი ორგანოების, კერძოდ კი, პროკურატურის რეაგირების საჭიროებაზე მიუთითებს.

კომისიას მიაჩნია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის შეფასებისათვის გამოყენებული უნდა იყო, როგორც გაზომვადი, ისე არაგაზომვადი მექანიზმები. კერძოდ: სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი და უკანონო ხარჯვის შემთხვევები; ბიუჯეტის სასარგებლოდ გამოვლენილი ამოსაღები და ამოღებული თანხების რაოდენობა; სამართალდამცავ სტრუქტურებზე მასალების გადაცემის რაოდენობა და შესაბამისი რეაგირებები; ჩატარებული აუდიტების ხარისხი და ეფექტიანობა; პრევენციულ-სარეკომენდაციო ხასიათის მითითებათა გაცემა და სხვა. კომისიის აზრით, ზემოჩამოთვლილი პარამეტრების შესრულების მდგომარეობიდან გამომდინარე, არ არსებობს საფუძველი კონტროლის პალატის 2012 წელს განხორციელებული საქმიანობის არათუ დადებითად, არამედ დამაკმაყოფილებლად შესაფასებლადაც კი.

"კომისია მაქსიმალურად შეეცადა, განრიდებოდა დასკვნის სხვადასხვა თავებში პოლიტიკური დატვირთვის მქონე შეფასებებსა და განცხადებებს, მიუხედავად ამისა, ობიექტური რეალობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ 2007 წლის მაისიდან პალატა სრულად იქნა დაქვემდებარებული ყოფილი მმართველი პარტიის კონტროლს, 2007 წლიდან პროფესიონალ და გამოცდილ მოსამსახურეებს მასობრივად აიძულებდნენ განცხადებების დაწერას, დაითხოვეს წლების მანძილზე დიდი შრომით ჩამოყალიბებულ კვალიფიციურ ხელმძღვანელთა და აუდიტორთა კადრები. ამ ყოვლად გაუაზრებელმა ღონისძიებამ კონტროლის პალატის სრული პარალიზება გამოიწვია, რომელიც დღემდე გრძელდება, რადგან არ იყო მომზადებული შესაბამისი საკადრო რეზერვი, გააზრებული და გათვლილი განხორციელებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და საკადრო ცვლილებების შესაძლო შედეგები. გარკვეულწილად ამ მდგომარეობის შესახებ სამართლიანად არის აღნიშნული საქართველოს საპარლამენტო კომისიის კონტროლის პალატის 2008 წლის შემოწმების აქტშიც. ამ წლებიდან მოყოლებული, განსაკუთრებით 2012 წლის მაჩვენებლებით: სრულად იქნა უგულვებელყოფილი პალატის უმთავრესი კონსტიტუციური და სპეციალური კანონით დადგენილი ფუნქცია - საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის, სახელმწიფო ქონების გამოყენების მართლზომიერება და კონტროლი; სახელმწიფომ და კერძოდ, პარლამენტმა დაკარგა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ობიექტური და მიუკერძოებელი შემფასებელი, პალატა, რომელიც თავისი ფუნქციით მაგალითი უნდა ყოფილიყო ქვეყანაში საბიუჯეტო სახსრების მომჭირნედ და ეკონომიურად ხარჯვის თვალსაზრისით, ნიმუში გახდა უყაირათობის და ფლანგვის; წლების მანძილზე, მათ შორის 2012 წელს, საქართველოს პარლამენტისგან ითხოვდა და იღებდა პრაქტიკულად 2-ჯერ გაზრდილ საშტატო რიცხოვნობას და მის შესატყვის დაფინანსებას, რითაც საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამის მუხლებში ხელოვნურად ქმნიდა საბიუჯეტო თანხების ეკონომიას, რასაც ასევე მრავლობითი კანონდარღვევით, ყოველგვარი დასაბუთებისა და ობიექტური საფუძვლების გარეშე, რეალურად 350-400 შტატზე გათვლილ დაფინანსებას ფაქტობრივად ხარჯავდა საშუალოდ 200-220 პირით დაკომპლექტებულ სამსახურზე; ამ ფონზე, პრაქტიკულად 40-50%-იანი ვაკანტური ადგილების პირობებში, არ ჯერდებოდა ყოველი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით კუთვნილ 7-8 შტატგარეშე მოსამსახურეს და ითხოვდა საქართველოს მთავრობისგან ნებართვას და მათ რაოდენობას ასევე ყოველგვარი დასაბუთების, საჭიროებისა და გათვლების გარეშე ზრდიდა 50 მოსამსახურემდე; იმ საქმიანობისთვის, რომელიც წესით შტატში მყოფ მოსამსახურეებს, კერძოდ, ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს უნდა განეხორციელებინათ, შტატგარეშე მოსამსახურეებს, ყოველგვარი რეალური საქმიანობის განხორციელებისა და მინიმალური დატვირთვის გარეშე, უნიშნავდა მათ ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებას, რომელიც რიგ შემთხვევებში აღემატებოდა ქვეყნის მინისტრისთვის გათვალისწინებულ სარგოს - თვეში 3540 ლარს; სრულად იყო იგნორირებული როგორც აუდიტორული საქმიანობის პროცესი, ისე აუდიტორთა პრაქტიკულად სრული შემადგენლობა, არაფერი კეთდებოდა რეალურად როგორც მათი მომზადების დონის შენარჩუნების, ისე გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, მატერიალური სტიმულირებისა და წახალისების თვალსაზრისით; უფრო მეტიც, კანონის თანახმად აუდიტორების სწავლების, მომზადების, სერტიფიცირებისა და ამ საქმიანობისთვის ნორმატიული ბაზის მოსამზადებლად, კანონით მიცემული წელიწადისა და ექვსი თვის მიუხედავად, მთელი ეს პროცესი, ნორმატიული აქტების მიღების ჩათვლით, დაიწყო 2013 წლის აპრილის შუა რიცხვებში და უნდა დამთავრდეს პირველ ივნისამდე, წინასწარ ადვილად გასათვლელია როგორი შედეგითაც", - ნათქვამია კომისიის დასკვნაში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2012 წელს სულ მომზადდა 45 აუდიტის ანგარიში, რაც 20-ჯერ ნაკლებია 2006 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით - 883 აქტი; სამართალდამცავებს გადაეგზავნა მხოლოდ სამი დანაშაულის ნიშნების შემცველი კანონდარღვევის ფაქტი, რაც 69-ჯერ ნაკლებია 2006 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით - 208 მასალა.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ წარმოდგენები სერიოზულად იქნა შერყეული მისი მენეჯმენტის პოლიტიკური კავშირების გამო. კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია 2012 წლის 23 ივლისამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი იყო პარლამენტში. საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და მისი მოადგილე თინათინ ბოკუჩავა კი თანამდებობებიდან არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით მონაწილეობის მისაღებად გადადგნენ. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, საოლქო-საარჩევნო კომისიების ტრენერების ნაწილი კონტროლის პალატის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა. მათ შორის კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ივანე პეტრიაშვილი, "შემთხვევით" იმ რაიონში აღმოჩნდა, სადაც თავისი ზემდგომი, ლევან ბეჟაშვილი მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. ამ ყველაფრის გვირგვინს კი წარმოადგენდა ეგრეთ წოდებული "საქმიანობა", რომელიც ცალსახა პოლიტიკური დაკვეთისა და მიკერძოების ნიშნით აწარმოა 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია თვლის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საქმიანობა, ანგარიშში ასახული აუდიტის სამსახურის საქმიანობის ყველა მიმართულების გათვალისწინებით, შეფასდეს უარყოფითად; კომისიის ანგარიში და შესაბამისი დანართები, ანგარიშში ასახული კანონდარღვევების სამართლებრივი შეფასების მიზნით, უფლებამოსილების მიხედვით განხილვისა და რეაგირებისთვის, წარედგინოს საქართველოს მთავარ პროკურატურას.

ამასთან, კომისია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობას მიმართავს, უზრუნველყოს შემდგომ საქმიანობაში კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი დაცვა; პირველ რიგში, დაქვემდებარებულ უწყებაში დაამყაროს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაზე ჯეროვანი კონტროლი, უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების კანონშესაბამისად, ეკონომიურად და გამჭვირვალედ ხარჯვა; კომპეტენციის ფარგლებში, განიხილოს კომისიის ანგარიშში ასახული კანონდარღვევები და უზრუნველყოს მათ აღმოსაფხვრელად სათანადო ღონისძიებების გატარება; გადაწყვიტოს კომისიის ანგარიშში მითითებულ კანონდარღვევათა ჩამდენ პირთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი; მოამზადოს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს აუდიტორული საქმიანობის წარმართვას კანონიერად, სრულყოფილად, ობიექტურად, გამჭვირვალედ, სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, სათანადო აუდიტორული პროცედურების მკაცრი რეგლამენტირების პირობებში.