ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე დეპუტატებს და თანამდებობის პირებს მოუწოდებს, რომ სასამართლოში საქმის არსებით განხილვას დაესწრონ.
ამის შესახებ სოსო რობაქიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც სოსო რობაქიძემ აღნიშნა, სასამართლომ ირაკლი ფირცხალავას მიერ მკვლელობის ადგილას გადაღებული ვიდეომასალა წარმოებაში მიიღო, რაც უკანონობაა. მისივე შეფასებით, მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ბუტა რობაქიძისა და სანდრო გირგვლიანის ძახილის შედეგად პარლამენტში შევიდნენ, თავად უნდა ნახონ რა ხდება სასამართლოში.
"სასამართლომ ირაკლი ფირცხალავას მიერ წარდგენილი ვიდეომასალა წარმოებაში მიიღო. ეს არის უკანონო, 9 წლის შემდეგ გამოჩენილი კასეტის მიღება უკვე წარმოადგენს უკანონობას. არსებობს ამერიკიდან მოსული შუალედური დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ვიდეომასალა დამონტაჟებულია და პირდაპირ წერია, რომ დამონტაჟებულია სტუდიაში. იმედი მაქვს, რომ FBI-ის საბოლოო დასკვნა ფირცხალავასა და დონაძის საწინააღმდეგო იქნება", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.
მან გააპროტესტა 2010 წელს მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც დაზარალებულს ადვოკატის ყოლის შესაძლებობა არ აქვს და მის ინტერესებს პროკურატურა იცავს. სოსო რობაქიძის განცხადებით, პარლამენტარები ადეიშვილის მიერ მიღებული კანონების გადახედვის სანაცვლოდ "პრეზერვატივებსა და სერიალებზე საუბრობენ".
"2010 წელს გამოვიდა ისეთი კანონი, რომლის მიხედვითაც, ჩვენს მხარეს არ აქვს ადვოკატის აყვანის საშუალება. მე, დაზარალებულს დამკითხავენ როგორც მოწმედ. თუ ასე გაგრძელდება, სულ მალე 2007 წლის 2 ნოემბერი გამეორდება. იმ პარლამენტარებს, რომლებიც სერიალებისა და პრეზერვატივების საკითხებს იხილავენ, ვურჩევდი ადეიშვილის კანონებს გადახედონ და დაიწყონ სამართლიანობის აღდგენა. ხალხი, რომელიც სანდრო გირგვლიანის და ბუტა რობაქიძის სახელს იძახდა და დღეს პარლამენტში და თანამდებობაზე იმყოფება, უნდა დაინტერესდეს თუ რა ხდება სასამართლოში. მე თუ სამართლიანობას ვერ მივაღწევ, მათ თუ სინდისი გააჩნიათ, მანდატები და თანამდებობები უნდა დატოვენ, იმიტომ, რომ სწორედ ამ ძახილით აქვთ მათ თანამდებობები. ნება იბოძონ და მობრძანდნენ საქმის არსებით განხილვაზე", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.
ბუტა რობაქიძის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს 12 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა.