"სამართლიან არჩევნებს" წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევები არ დაუფიქსირებია.
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" დღეს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
მიუხედავად ამისა, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, არსებობს ერთი საკითხი, რაც შესაძლებელია ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდეს, ან მომავალში შესაძლოა ამ მხრივ პრობლემატური გახდეს.
როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, საქმე ეხება გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პირთან, ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ ფონდ "ქართუს" მიერ "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის" ფინანსურ მხარდაჭერას.
ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც ფონდი ახორციელებს "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტია", რომელიც მიზნად ისახავს დაბალპროცენტიანი აგროკრედიტების გაცემას.
საზოგადოების მხრიდან საარჩევნო მიზნების მქონე პირთან ასოცირებული იურიდიული პირის მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომელიც მიმართულია ამომრჩევლის მატერიალური დაინტერესებისკენ, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონის მიერ დადგენილ შეზღუდვებსა და მიზნებს ეწინააღმდეგება.
"შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის პრინციპების უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა წინასაარჩევნო პერიოდში, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ" შეაჩეროს ააიპ "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფორნდში" ფინანსური და სხვა მატერიალური/არამატერიალური კონტრიბუციის განხორციელება და ამ კონტრიბუციის საფუძველზე მოქალაქეთათვის სხვადასხვაგვარი მატერიალური დახმარების გაწევა, ვინაიდან აღნიშნული საქმიანობა შესაძლებელია დაკვალიფიცირდეს როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა", - აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.