ზაზა ხატიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატებს მიმართავს

ზაზა ხატიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატებს მიმართავს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პრეზიდენტობის კანდიდატებს მიმართავს. ზაზა ხატიაშვილი ნინო ბურჯანაძეს, გიორგი თარგამაძეს, სალომე ზურაბიშვილს , შალვა ნათელაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და მხარი დაუჭირონ იმ ნორმის ამოქმედებას, რაც მოწმედ დაბარებული პირის პირდაპირ სასამართლოში დაკითხვას შეეხება. 

"გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი სამოქალაქო პოზიცია და მხარი დაუჭიროთ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციას – მოწმედ დაბარებული პირი დაიკითხოს პირდაპირ

სასამართლოში და არ მოხდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედების ვადის გადაწევა 2014 წლის დეკემბრამდე, მოწმედ დასაკითხ პირთან მიმართებაში. ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს პრინციპია, დაცვის მხარეს შეეძლოს მოწმეების იგივე პირობებში დაკითხვა, როგორც ამას ბრალდება ახორციელებს და თუ ჩვენ ყველა ერთად დავდგებით ამ უფლებას საქართველოს მოქალაქეებს ვერავინ წაართმევს", - აცხადებს ხატიაშვილი.

მისივე თქმით, პირის პირდაპირ სასამართლოში დაკითხვის ნორმა 2013 წლის სექტემბერში შედის ძალაში, თუმცა, ძალოვანი უწყებების ინიცირებით, მისი ამოქმედების ვადამ შესაძლოა 2014 წლის დეკემბრამდე გადაიწიოს.

"ერთადერთი გზა, რათა სამოქალაქო საზოგადოება პოლიციის ძალადობისგან დაცული იყოს, მოწმედ დაბარებული პირის პირდაპირ სასამართლოში დაკითხვაა. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლის შედეგად, ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გათვალისწინებული იყო მოწმის დაკითხვის ახალი წესი, რომელიც სამართალდამცველ ორგანოებს უკრძალავდა მოწმის დაკითხვას სასამართლოს გარეშე. ეს სიახლე პოლიციას და პროკურატურას უსპობდა საშულებას მოწმე მიეყვანათ პოლიციის, ან სხვა დაწესებულებაში და ეწამებინათ. მოცემული ნორმა ძალაში შედის 2013 წლის სექტემბერში. საქართველოს პარლამენტი სავარაუდოდ ამ კვირაში განიხილავს ძალოვანი უწყებების მხარდაჭერით ინიცირებულ კანონპროექტს, რათა გადავადდეს 2014 წლის დეკემბრამდე მოწმედ დაბარებული პირის პირდაპირ სასამართლოში დაკითხვა. თუ პარლამენტმა გაიზიარა ძალოვანი უწყებების ანტიდემოკრატიული მოთხოვნა, მაშინ 2015 წლამდე, ჩვენი მოქალაქეების წამება არაჰუმანური და არაადამიანური მოპყრობა პოლიციის დაწესებულებებში დაკანონდება. ჩვენ, უფლებადამცველებს არ გვაინტერესებს რა გვარის იქნება პრეზიდენტი. ჩვენ გვაინტერესებს, როგორი იქნება კანონმდებლობა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქტიურობა, რათა საქართველოს პარლამენტმა არ განახორციელოს ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო ცვლილება თუ დღეს მთელი ერი არ დავდგებით ერთად, ანტიდემოკრატიულ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით და დიდ განგაშს არ ავტეხთ, ჩვენს ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანების წამება, არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობა არასოდეს დამთავრდება. პრეზიდენტობის კანდიდატებს გეძლევათ უნიკალური შანსი იმისა, რომ აჩვენოთ სამოქალაქო საზოგადოებას თქვენი მზადყოფნა დადგეთ ჩვენს გვერდით", - აღნიშნავს ხატიაშვილი.

მისივე შეფასებით, პოლიციის მხრიდან მოწმის წამების ნათელი მაგალითია მამუკა მიქაუტაძის შემზარავი ისტორია.

"სამართლიანი სასამართლო და სამართლიანი კანონმდებლობა არის ერთადერთი გზა, რაც ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან. სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების კონტროლის მექანიზმების არსებობა უნდა გახდეს ქვეყანაში წინსვლის გარანტი.

საქართველოს სინამდვილეში ყველაზე დიდ პრობლემად რჩება პოლიციური ძალადობის შეწყვეტა სამოქალაქო საზოგადოებაზე. სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებისთვის სასურველი ჩვენების მისაღებად, მოწმედ დაბარებულ მოქალაქეზე, იყნებენ ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდებს. ზოგიერთ შემთხვევაში მოწმე პოლიციის დაწესებულებაში ხდება წამების მსხვერპლი.

ამის ნათელი მაგალითია ორი კვირის წინ მომხდარი 36 წლის მამუკა მიქაუტაძის შემზარავი ისტორია, რომელიც პოლიციაში დაიბარეს მოწმის სახით ჩვენების მისაცემად, ხოლო პოლიციიდან გამოსულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ საიას მიერ მოკვლეული მასალებით დასტურდებოდა მამუკა მიქაუტაძეზე ზეწოლის ფაქტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ მოიკვლიეს მასალები რომლითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ მამუკა მიქაუტაძე არავის უწამებია. სააკაშვილის რეჟიმის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შეჩვეული ვიყავით ასეთი განცხადებების კეთებას. ამიტომ დიდად არ გაგვკირვებია. პოლიციამ გამოაქვეყნა მამუკა მიქაუტაძის პოლიციაში მიყვანის კადრები, სადაც მიქაუტაძე დაკავებული შეჰყავთ პოლიციის დაწესებულებაში მოწმის სტატუსით. აღნიშნული კადრები ადასტურებს, რომ მამუკა მიქაუტაძე დააკავეს და ისე მიიყვანეს პოლიციაში, რაც უკვე თავისთავად კანონდარღვევაა და საიას მოკვლეული მასალებიდან გამომდინარე დასტურდება მამუკა მიქაუტაძის მიმართ განხორციელებული ძალადობა", - ნათქვამია ხატიაშვილის მიმართვაში.