"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", წინასაარჩევნო პერიოდში, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.
"სამართლიანმა არჩევნებმა" 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
საანგარიშო პერიოდში "სამართლიანმა არჩევნებმა" დააფიქსირა ორი ფაქტი, როდესაც მოქალაქეები, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით განხორციელებული ზეწოლის თაობაზე საჯაროდ საუბრობდნენ.
როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, ორივე ინციდენტი შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ, გორსა და კასპში მოხდა.
მისივე თქმით, ერთ შემთხვევაში ზეწოლა გამოიხატა პოლიტიკური აქტივისტის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფორმაში, ხოლო მეორე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საკრებულოს დეპუტატის მიმართ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ მუქარას.