ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ "20%-იანმა მარგველაშვილმა" პირველივე ტურში 60% მიიღოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა , კახა კუკავამ არასაპარლამენტო პარტიებსა და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" მიმდინარე შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
მისივე განმარტებით, პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაკეთებული განცხადების მიუხედავად, რომ საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი იქნება, რეალურად ჩანს, რომ მისი გუნდი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.
"ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველოში სულ უფრო და უფრო მცირდება შანსი ჩატარდეს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ძალიან კარგი განცხადებები იმის შესახებ, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი, რეალურად, მისი გუნდი ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 20%-იანმა მარგველაშვილმა პირველივე ტურში მიიღოს 60%, რაც ბუნებრივია შეუძლებელი იქნება არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შემთხვევაში", - განაცხადა კახა კუკავამ.
მისივე განმარტებით, საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებასთან მიმართებაში არასაპარლამენტო ოპოზიციას მთელი რიგი შენიშვნები აქვს.
"ჩვენ შენიშვნები გვაქვს, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციასთან, ამომრჩეველთა სიებთან, კამპანიის დაფინანსებასთან, უფასო რეკლამასთან და დავების განხილვის წესებთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე ჩვენს პოზიციას დღევანდელ შეხვედრაზე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოვახსენებთ", - აღნიშნა კუკავამ.
ამასთან თავისუფალი საქართველოს ლიდერის ინფორმაციით, მიმდინარე კვირის განმავლობაში არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო გარემოს გაუმჯიობესების საკითხზე კიდევ რამდენიმე ერთობლივ ღონისძიებას გამართავს.