"სამართლიან არჩევნებს" ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები არ დაუფიქსირებია

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიან არჩევნებს" 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენების ფაქტები არ დაუფიქსირებია. 

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (IFCED) დღეს, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე უკვე დაანონსებული იყო სახელმწიფო პენსიებისა და სოციალური დახმარების ზრდა, რომელიც 2013 წლის პირველი ივლისიდან და პირველი სექტემბრიდან უნდა გაიზარდოს. მისივე თქმით, წარსულში არჩვენებზე ხშირად ჰქონდა ადგილი ისეთ შემთხვევებს, როდესაც სოციალური პროექტების დიდი ნაწილის დაწყება წინასაარჩევნო კამპანიას ემთხვეოდა და წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქმებოდა. შესაბამისად, როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული შესაძლოა შეიცავდეს სახელმწიფო ბიუჯეტის პოლიტიკური მიზნით გამოყენების საფრთხეს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, იმისათვის, რომ სახელმწიფო სოციალური პროექტი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად არ იქნეს აღქმული, საჭიროა ხელისუფლებამ უზრუნველყოს მკაფიო გამიჯვნა სახელმწიფო ამოცანებსა და პარტიულ ინტერესებს შორის.

"ამისთვის სახელმწიფო სოციალური პროექტების რეკლამირებისა და განხორციელების პროცესში სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების აქტიურობა წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს", - აღნიშნა "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა.