ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევის წესების დარღვევაზე შესაძლოა პასუხისმგებლობა გამკაცრდეს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღეს დეპუტატ კობა დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომელიც არსებული ჯარიმების გაორმაგებას ითვალისწინებს. ამავე პროექტის ფარგლებში სამმაგდება ჯარიმები ისეთ მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომელიც სპეციალურ კონტროლს ექვემდებარება და რომელთა მიღება არ არის შესაძლებელი მხოლოდ ინსტრუქციის შესაბამისად, ექიმის დანიშნულების გარეშე.
როგორც პროექტის ავტორი განმარტავს, ცვლილებების მომზადება განპირობებულია ქვეყანაში ე.წ. სააფთიაქო ნარკოტიკების მომრავლებით, რომელიც უმძიმეს შედეგს იწვევს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის, რის გამოც, აუცილებელია საჯარიმო სანქციების მკვეთრი ზრდა.
დავითაშვილის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი საკმაოდ სოლიდურ ჯარიმებს ითვალისწინებს.
კერძოდ, პროექტის გათვალისწინებით, საქმიანობა ფარმაცევტული წარმოების, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის ან იმპორტის, ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 16 000 ლარის ოდენობით.
ფარმაცევტული წარმოების, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის ან იმპორტის, ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ფარმაცევტული პროდუქტის მომზადება, რეალიზაცია არაუფლებამოსილი პერსონალის (ფარმაცევტული განათლების არმქონე, დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლების არმქონე სუბიექტის) მიერ გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ფარმაცევტული პროდუქტის მომზადების წესის დარღვევა, ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება იმ კატეგორიის ფარმაცევტულ პროდუქციას, რომელიც განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება და ექიმის დანიშნულების გარეშე არ უნდა გაიცეს, მათი გაცემის წესის დარღვევაზე ჯარიმა 3000-დან 9 000 ლარამდე იზრდება. ასევე სამმაგდება ჯარიმა აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენაზე და მისი ოდენობა 18 ათას ლარამდე იზრდება.
გარდა ამისა, წუნდებული, ვადაგასული, გაუვარგისებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ბაზარზე ფალსიფიცირებული ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევა - 20 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. აღნიშნული ქმედების განმეორება – ჯარიმას 4 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით ან ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – 12 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
პროექტის თანახმად, ორმაგდება ჯარიმა ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის წესების დარღვევაზეც, რაც 2 000 ლარით დასჯადი ქმედება შეიძლება გახდეს.
ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დაწყება და დასრულება სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – 4 000 ლარის ოდენობით. ასევე ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვა-მარკირების ცვლილება რეგისტრაციის ან სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე 2 000 ლარიანი ჯარიმის გადახდასთან იქნება დაკავშირებული.
ცვლილებები "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში შედის.