საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს 20-21 ივლისს ზუგდიდსა და ბათუმში მომხდარი ინციდენტების გამო და მოუწოდებს პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა პირს უარი თქვას ძალადობაზე.
საია განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 ივლისს, ქალაქ ზუგდიდში, ადგილი ჰქონდა პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ღონისძიების ჩაშლის მცდელობას. დაგეგმილი ღონისძიება აქციის ფონზე წარიმართა, პარტიის ლიდერებსა და დელეგატებს წინასწარ შეკრებილმა მოქალაქეებმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს, მათ ქვები და ბოთლები ესროლეს. ინციდენტისას დაზარალდა ერთი ჟურნალისტი. იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ აქციაზე მოქალაქეთა მობილიზება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა მიერ მოხდა. 21 ივლისს ასევე დაპირისპირების ფონზე წარიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერი ბათუმში.
წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებას, როგორც კონსტიტუციით გარანტირებულ და დაცულ სიკეთეს. თუმცა, ამ უფლებათა განხორციელება აუცილებლად კანონის ჩარჩოებში უნდა ჩაჯდეს და ძალადობრივი ხასიათი არ უნდა მიიღოს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პერიოდში ხელისუფლებამ უზრუნველყოს წინასაარჩევნო შეხვედრებისა და ღონისძიებების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარება, არ დაუშვას ძალადობა და გამოვლენის შემთხვევაში აღკვეთოს ის.
დღეს ქვეყნის ინტერესებში შედის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების კონსტრუქციულ, ცივილურ გარემოში ჩატარება, რა დროსაც თითოეულ კანდიდატს საკუთარი ხედვებისა და საარჩევნო პროგრამის ამომრჩევლისთვის შეუფერხებლად გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა.
აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით საია მოუწოდებს:
თითოეულ მოქალაქეს - უარი თქვას პროტესტის ძალადობრივი ფორმებით გამოხატვაზე. ჩვენ ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ის პირები, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ, შესაძლებელია, წარსულში თავად იყვნენ ძალადობისა და უსამართლობის მსხვერპლნი, თუმცა მათ მსგავს ქმედებას სამართლებრივი გამართლება ვერ მოეძებნება. როგორც კი საწინააღმდეგოს დავუშვებთ, მსგავსი ქმედებები განმეორდება, რაც, ცხადია, დააზარალებს ქვეყნის ინტერესებს.
საია მოუწოდებს სამართლდამცავ ორგანოებს - უზრუნველყონ წინასაარჩევნო შეხვედრებისა და ღონისძიებების მშვიდობიან და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვა, ძალადობრივი აქტების ობიექტური, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება;
საიას შეფასებით, ზუგდიდის ინციდენტში იკვეთება უფრო მძიმე კანონდარღვევის ნიშნები, რისი პრევენციაც მოცემულ შემთხვევაში დამდგარი პასუხისმგებლობის ზომით შესაძლებელია ვერ მოხდეს. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია თითოეული დარღვევის სწორი სამართლებრივი შეფასება და ადეკვატური პასუხისმგებლობის დაკისრება.
საია მოიწოდებს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, უზრუნველყონ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა და არ გამოიყენონ
ადმინისტრაციული რესურსი რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.
საია აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს და იტოვებს იმედს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ორგანიზებული საჯარო შეხვედრები ძალადობის გარეშე ჩაივლის", - ნათქვამია საიას განცხადებაში.