მომღერალი სოსო პავლიაშვილი გარდაცვლილ ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილისთვის მიცემულ დიდი ოდენობით სესხზე საუბრობს. "3 წლის წინ ავთო ჩამოვიდა და მითხრა, რომ კრედიტის აღებას აპირებდა და პროცენტების გადახდაში დახმარება მთხოვა, რომელსაც დამიბრუნებდა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი და 2009 წელს, ჯამში 60 00 დოლარი მხოლოდ პროცენტის ფული გადავუგზავნე. მეორე წელსაც მოვიდა, მეორე კრედიტი ავიღე, ამაშიც მომეხმარე და ერთბაშად დავაბრუნებო. დავთანხმდი და მეორე წელს მხოლოდ პროცენტის ფული 80 000 ევრო გადავუგზავნე. მესამე წელსაც იგივე მოხდა – კიდევ 80 000 ევრო გადავუგზავნე, ესეც მხოლოდ პროცენტის თანხა იყო. ჯამში, სამი წლის განმავლობაში 60 000 დოლარი და 160 000 ევრო მაქვს მხოლოდ პროცენტების ფული გაგზავნილი. ამ ვალების გადახდას ავთო 2013 წლის ივნისიდან აპირებდა, მანამდე, დაპირებისამებრ, მე უნდა მეხადა. დღემდე არ ვიცი კრედიტის თანხა რამდენი იყო, არც მიკითხავს, რადგან ავთოსი მჯეროდა და მჯერა. მე ის ვიცი, რომ პროცენტის სახით 7 ათას ევროს ყოველ თვე ვუგზავნიდი. ბოლოს ბავშვთა გასართობი ცენტრის გახსნა გადაწყვიტა, სადაც ჩემი ინტერესიც იყო და 200 000 დოლარი გადავუგზავნე. ეს ვალად რაც ჰქონდა აღებული, თორემ იმის იქით რამდენი მაქვს მიცემული, აღარც ვამბობ. გეკითხებით, ვინმე ოლიგარქი დამისახელეთ, ვინც ამდენს ფულს მეგობარს კი არა, თავის ძმას თუ ასესხებდა, არათუ აჩუქებდა? ეს ფული იყო სესხად მიცემული, თუმცა მიმაჩნია, რომ ჩუქებაზე არანაკლები დახმარებაა", - აცხადებს პავლიაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.
აღნიშნულის კონტექსტში მომღერალი ადუაშვილის მკვლელობასთან რაიმე კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ მისი სიკვდილი არ აწყობდა, როცა "მას ამდენი ვალი ჰქონდა დასაბრუნებელი".
"მისი სიკვდილი რაში მაწყობდა, როცა ამდენი ვალი ჰქონდა დასაბრუნებელი, მე ავდექი და მოვკალი? რატომ? გეკითხებით, სად არის ლოგიკა", - განმარტავს ქართველი მომღერალი.
რაც შეეხება ადუაშვილის დედის განცხადებას, რომ 24 ნოემბერს პავლიაშვილი და ადუაშვილი ერთმანეთს ერევანში უნდა შეხვედროდნენ და სწორედ ამიტომ მოიშორეს თავიდან, რადგან შეხვედრა არ უნდა შემდგარიყო, მომღერლის თქმით, ყველა – ოჯახით დაწყებული ე.წ. მეგობრებით დამთავრებული იმან გაამწარა, რომ ახლა ფულს აღარ გზავნის.
"დღეს ხმაური იმიტომ ატეხეს, რომ ჯერ ერთი, ნაფიც მსაჯულებზე უნდათ გავლენის მოხდენა, მეორეც – კრედიტის გადახდაში გაიჭედნენ და მუქთა ფული შემოაკლდათ, 1-ელ ივნისამდე ხმას არავინ იღებდა. ახლა ფულს აღარ ვგზავნი და ამას გაამწარა ყველა – ოჯახით დაწყებული, მისი ე.წ. მეგობრებით დამთავრებული. ნანა დეიდას "აბოლებენ" და ათას სიბინძურეს ეუბნებიან ჩემზე", - აცხადებს სოსო პავლიაშვილი.