მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელთან, 14 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით, შს კახეთის სამხარეო მთავარმა სამმართველომ კიდევ 2 პირი დააკავა, - იტყობინება კახეთის საინფორმაციო ცენტრი. 18 და 20 წლის მამაკაცებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლომ ორივე ახალგაზრდას და ამავე საქმეზე იგივე ბრალდებით დაკავებულ 48 წლის მამაკაცს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 18 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ გამოძიება დაიწყო მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელის, 14 წლის გოგონას შესაძლო გაუპატიურების ფაქტზე. არსებული ინფორმაციით, გოგონაზე ფიზიკური ძალადობა იმ პერიოდში განხორციელდა, როცა ის ბავშვთა სახლიდან ჰყავდათ გაყვანილი.
იმავე დღეს, ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომლებმა 48 წლის მამაკაცი არასრულწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელთან სექსუალური კავშირი რამდენჯერმე დაამყარა.
შსს-ს ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 140-ე მუხლით, რაც 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს). გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლაგოდეხის რაიონული სამმართველო აწარმოებდა, თუმცა 20 ივლისს, საქმე შს კახეთის სამხარეო მთავარმა სამმართველომ გაითხოვა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საოლქო პროკურატურის პროკურორმა გიორგი ლილუაშვილმა განუცხადა, გოგონას გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მასთან სექსუალური კავშირი ჰქონდათ დამყარებული 18 და 20 წლის მამაკაცებსაც, რომლებიც პროკურატურამ გოგონას ჩვენების საფუძველზე დააკავა.
„48 წლის მამაკაცი დაკავებულია გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით, რაც შეეხება დანარჩენ 2 ახალგაზრდას, მათ ბრალად არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარება ედებათ. ერთ შემთხვევაში, როცა გოგონა ბავშვთა სახლიდან ბებიასთან სახლში ბრუნდებოდა, მაშინ ხდებოდა ხოლმე სექსუალური კავშირის დამყარება. მეორე შემთხვევაში, კი როგორც გამოძიების შედეგად გაირკვა, 18 წლის მამაკაცმა და გოგონამ ერთმანეთის ბავშვთა სახლში გაიცნეს, რის შემდეგაც იქვე სოფელში შეხვდნენ და ურთიერთობა ჰქონდათ. ამჟამად გოგონას და დაკავებულთა ჩვენებებიდან გამომდინარე არ იკვეთება, რომ გაუპატიურებას ან ძალადობას ჰქონდა ადგილი, თუმცა შემდგომში თუ გამოიკვეთა ასეთი ფაქტი, კვალიფიკაცია შეიცვლება და დაკავებულებს ბრალი დაუმძიმდებათ. ამჟამად სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული და გადაყვანილები არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში", - განაცხადა პროკურორმა გიორგი ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში, კახეთში არასრულწლოვნების გაუპატიურების და მათთან გარყვნილი ქმედების რამდენიმე ფაქტი გამოაშკარავდა.