შინაგან საქმეთა სამინისტროში ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, რევაზ კარალიძის დაკავებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გაკეთდა.
როგორც უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე, შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა, კარალიძის აყვანა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მოხდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გამოვლინეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რევაზ კარალიძე და ქრთამის აღებაში დამხმარე პირი. ამჟამად ორივე მათგანი დაკავებულია. გამოძიებამ დაადგინა, რომ რევაზ კარალიძემ, რომელიც ამავდროულად იყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მის თანამზრახველთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ე.წ. ეკოპლაჟის ფიჭვნარის ტერიტორიაზე მდებარე 6 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მასივის გასხვისებისა და შეღავათიანი საინვესტიციო პირობის დაწესებაში თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა 120 ათასი ლარი. მოლაპარაკების პროცესში კარალიძემ და მისმა თანამზრახველმა მიწის შესყიდვით დაინტერესებულ პირს ავანსის სახით წინასწარ გამოართვეს 30 ათასი ლარი, რა დროსაც ორივე მათგანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს", - განაცხადა გიორგობიანმა.
შსს-ის ცნობით, გამოძიებას უწყების ანტიკორუფციული სააგენტო, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით აწარმოებს.
რევაზ კარალიძე 20 ივლისს დააკავეს.