ყოფილ პოლიტპატიმარ მელორ ვაჩნაძის ინფორმაციით, ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი მამუკა ხვედელიანი, რომელიც ადამიანის წამებასა და გაუპატიურებაში იყო ბრალდებული და რომელიც ახალციხის სასამართლომ გაამართლა, საქართველოში უკვე აღარ იმყოფება:
"ახალციხის სასამართლოს, კერძოდ, მოსამართლე ჯეირანაშვილის გადაწყვეტილებამ ყველა აღაშფოთა. მოგეხსენებათ, პოლიციის მაღალჩინოსნებს უმძიმეს დანაშაულში ედებოდათ ბრალი - ადამიანების ცემა-წამებასა და გაუპატიურებაში, მკვლელობასა თუ აღიარებითი ჩვენებების ძალდატანებით მოპოვებაში. ვფიქრობ, ეს უკანონო გადაწყვეტილება ზემოდან, კოტე კუბლაშვილის მიერ იყო ნაკარნახევი. ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ბატონი კუბლაშვილის იმპიჩმენტი დაიწყოს. ამ პოლიციელების აღვირახსნილი საქმიანობის შესახებ ყველას კარგად მოეხსენებოდა. მოსამართლე ჯეირანაშვილმა მშვენივრად იცოდა, რომ ისინი დამნაშავეები იყვნენ, მაგრამ გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება. როდესაც გათავისუფლებული მაღალჩინოსანი პოლიციელების ასავალ-დასავალი მოვიკითხეთ, გვითხრეს, რომ გათავისუფლების შემდეგ მამუკა ხვედელიანი და ალექსანდრე ბლიაძე დადიოდნენ რაიონში და ხალხს აჩვენებდნენ, რომ მათ ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალა, რომ ნაცებისა და ჯალათებისთვის ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა.
ისინი ისე გამაღიზიანებლად იქცეოდნენ, რომ ხალხი ლინჩის წესით გასამართლებაზეც კი ფიქრობდა. თუმცა საღმა აზრმა გაიმარჯვა და მათაც ისევე არ გაუსწორდნენ, რასაც იმსახურებდნენ. ბორჯომისა და ახალციხის მოსახლეობის ინფორმაციით, მაღალჩინოსნებმა, როგორც კი გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს, თავს უშველეს, საქართველოს ფარგლები დატოვეს და 10 ივლისს შვეიცარიას შეაფარეს თავი. ვინაიდან მოსახლეობა მათ მიმართ აგრესიულად არის განწყობილი, ხვედელიანმა, ბლიაძემ და სხვებმა ხალხის რისხვას გაარიდეს თავი. ახალციხეში აქციებს მართავენ გარდაცვლილთა თუ გაუპატიურების მსხვერპლთა ახლობლები, ბევრი სხვაც, ვინც მათი წყალობით დაზარალდა და ვისზეც ძალადობდნენ. მათ უამრავი ადამიანის წამებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული. იმისთვის, რომ სხვა მოსამართლეებმაც არ გაბედონ მსგავსი განაჩენის გამოტანა, თუნდაც ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილის საქმეებზე, აუცილებელია ამ ფაქტის კვლავ გაპროტესტება და საზოგადოების აქტიურობა. ობიექტური გამოძიება თუ ჩატარდა, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის საკითხი, რის შემდეგაც ის განსასჯელის სკამზე აღმოჩნდება."