პარტიები საერთაშორისო ორგანიზაციებთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ჩაშლილ მოლაპარაკებებს განიხილავენ

პარტიები საერთაშორისო ორგანიზაციებთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ჩაშლილ მოლაპარაკებებს განიხილავენ

12 არასაპარლამენტო პოლიტიკური ორგანიზაცია დღეს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, საუბრის თემა პარტიების დაფინანსებსა და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ საკითხები იქნება.

"ჩვენ ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომლებიც მოლაპარაკებების პროცესში შეიქმნა. შევხვდებით იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც შეხვედრებს ესწრებოდნენ და მიღწეული შეთანხმებები ახსოვთ. შეხვედრაზე მათი მხარდაჭერის მიღების იმედი გვაქვს, რადგან ეს შეიძლება გახდეს გადამწყვეტი შემდეგი პროცესის განვითარებისთვის", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
არასაპარლამენტო ოპოზიციის მმართველ გუნდთან დავის საგანს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში" დაგეგმილი ცვლილებები წარმოადგენს. კერძოდ, საუბარია პარტიებისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსების გაზრდის საკითხზე და კანონში იმგვარი ცვლილებების განხორციელებაზე, რომლის საფუძველზეც, ფინანსებს პარლამენტს გარეთ მყოფი პარტიები მიიღებენ.

ამ საკითზე ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში პოლიტიკურმა სუბიექტებმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება ჩაიშალა. კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" პარტიების დაფინანსების საკითხი თვითთმართველობის არჩევნებისთვის გადადო.