ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა იწყება

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა იწყება

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12.00 საათზე დაიწყება. 8 ივლის გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებები სრულად დასაშვებად ცნო, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის, ირაკლი ფირცხალავას მიერ მოპოვებული, მკვლელობის ადგილზე გადაღებული ვიდეოფირი სასამართლომ დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია, თუმცა, ბრალდების მხარე მის აცილებას მოითხოვდა.

ამასთან, პროცესზე ყველა ბრალდებულმა ერთხმად უარი თქვა საქმის ნაფიცი მსაჯულების პირობებში განხილვაზე. წინასასამართლო სხდომაზე ორმა ბრალდებულმა, დავით იაშვილმა და ზურაბ მიქაძემ ადვოკატების მეშვეობით დააყენეს შუამდგომლობები, რომ მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვეტილიყო, თუმცა, სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. სასამართლო პროცესის შემდეგ ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულთა პირობებში საქმის განხილვაზე უარის თქმის მიზეზები განმარტეს.

როგორც ერთ-ერთმა ბრალდებულმა გურამ დონაძემ განაცხადა, პირადად მან იქიდან გამომდინარე თქვა უარი ნაფიცი მსაჯულის პირობებში საქმის განხილვაზე, რომ წლების განმავლობაში ბუტა რობაქიძის საქმის ირგვლივ საზოგადოება ცრუ ბრალდებებით "იწამლებოდა".

"ნაფიც მსაჯულებში საქმის განხილვას არ დავეთანხმე იმიტომ, რომ დღევანდელი ხელისუფლება არაერთაზროვნად უყურებს ნაფიც მსაჯულებს. რომელ ნაფიც მსაჯულებს უნდა ენდოს საქმე, როცა წლების განმავლობაში ხდებოდა ადამიანების მოწამვლა", - აღნიშნა გურამ დონაძემ.

მან ირაკლი ფირცხალავას მიერ მოპოვებულ ვიდეოფირზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხსენებულ ვიდეოფირზე ამერიკის ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის პირველადი შედეგი პროკურატურამ შეგნებულად არ გაასაჯაროვა.

აღნიშნულ ვიდეოფირს თავად მისი მომპოვებელი, ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა დაცვის მხარის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად მიიჩნევს. როგორც ფირცხალავამ განმარტა, ეს ფირი საზოგადოების მტკიცებულებასაც წარმოადგენს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს, რა მოხდა იმ ღამეს, რომლის შედეგადაც ბუტა რობაქიძე გარდაიცვალა.

თავად ბრალდების მხარე უკმაყოფილოა ფირცხალავას მიერ მოპოვებული ვიდეოფირის მტკიცებულებად დაშვების გადაწყვეტილებით. როგორც პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა განმარტა, სასამართლოს ჰქონდა ყველა საფუძველი, რომ არა მარტო ფირცხალავას მიერ მოპოვებული ვიდეოფირი, არამედ დაცვის მხარის მიერ გაკეთებული "გაურკვეველი ასლები ეცნო დაუშვებლად".
"სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის ძალიან დასაბუთებული შუამდგომლობა, არა მარტო ფირცხალავას მიერ წარდგენილ ვიდეოფირებთან დაკავშირებით, არამედ ვიდეოფირების საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით. სასამართლოს ჰქონდა ყველა საფუძველი, რომ არა მარტო ფირცხალავას ვიდეოფირი, არამედ დაცვის მხარის მიერ გაკეთებული არაერთი გაურკვეველი ასლი ეცნო დაუშვებელ მტკიცებულებად, თუმცა სასამართლომ ვერ გარისკა აღნიშნული ფირი არ გატანილიყო საზოგადოებრივ სამსჯავროზე", - განაცხადა პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, ბრალდების მხარე დაჟინებით ითხოვდა, აღნიშნული საქმე ნაფიცი მსაჯულების პირობებში განხილულიყო, თუმცა ბრალდებულებმა უარი თქვეს.

"ბრალდების მხარის დაჟინებული მოთხოვნა იყო აღნიშნული საქმის ნაფიცი მსაჯულების პირობებში განხილვა, რადგან აღნიშნულ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. ბრალდების მხარეს სურდა საზოგადოებას მიეღო გადაწყვეტილება 2004 წლის 24 ნოემბერს ბუტა რობაქიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე საქმეზე, თუმცა ბრალდებულებმა ამაზე თქვეს კატეგორიული უარი", - განაცხადა ნათია სონღულაშვილმა.

მისი თქმით, პროკურატურას გააჩნია უტყუარი მტკიცებულებები ბრალდებულების წინააღმდეგ და სასამართლომ მისი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო, შესაბამისად, პროკურორის განცხადებით, 22 ივლისს, საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდების მხარე სასამართლოში მყარი არგუმენტებით წარსდგება.