პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის ლიდერ ალექსანდრე დუგინის განცხადებით, აშშ რეგიონში პოლიტიკას სულაც არ განსაზღვრავს.
ამის შესახებ დუგინმა "Vesti.az"-ისთან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ ვხედავთ, როგორ ჩავარდა ყველგან პროამერიკული პოლიტიკა: ეგვიპტისა და თურქეთის მოვლენები აჩვენებს, რომ აშშ და მისი მოკავშირეები - საუდის არაბეთი და ყატარი, პოლიტიკური პროცესების ორგანიზებას საერთოდ ვერ ართმევენ თავს. ამავდროულად, რაც უფრო დიდხანს რჩება სირიის პრეზიდენტად ბაშარ ასადი, მით უფრო მეტად ვარდება ამერიკის როლი რეგიონში და სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ აშშ-ის დახმარებას მხოლოდ დაშლამდე მივყავართ. აი, მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფსონი აშშ-ზე გააკეთა და საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაკარგა. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე ფსონი აშშ-ზე გააკეთა და სახალხო მღელვარება მიიღო. ეგვიპტის პრეზიდენტმა მურსიმ ასევე აშშ-ზე გააკეთა ფსონი და ასადის წინააღმდეგ გამოვიდა, შედეგად კი იგი გადააყენეს. ამიტომ სრულიად, გასაგებია, რომ აშშ რეგიონში პოლიტიკას სულაც არ განსაზღვრავს", - განაცხადა დუგინმა.
მისივე თქმით, თუ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სურს, "ბედკრული პროამერიკული რეჟიმების გზით წავიდეს, სააკაშვილის, მურსის და ერდოღანის მსგავსად, მაშინ ეს მოსკოვს არ აწყობს".
"სხვათაშორის, იგივე შეიძლება, ითქვას სომხებზეც: თუ ერევანს დასავლეთთან ლაქუცი სურს, მაშინ ჩვენ სხვანაირად საუბარიც შეგვიძლია", - აღნიშნა მან.