ორიოდე თვის წინ პოპულარული ამერიკული ჯგუფი “R.E.M.”-ის წევრებმა მრავალწლიანი მუსიკალური კარიერა ოფიციალურად დაასრულეს.
მიმდინარე წლის დეკემბერში გაყიდვაში გამოვა ჯგუფის ბოლო ალბომი. მისი სახელწოდებაა “Part Lies, Part Heart, Part Truth, Part Garbage: 1982-2011”. ამ ნამუშევარში წარმოდგენილი იქნება “R.E.M.”-ის ისტორიის განმავლობაში ჩაწერილი ყველაზე პოპულარული კომპოზიციები.
რამდენიმე დღის წინ გამოცემამ “Rolling Stone” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯგუფის ლიდერი მაიკლ სტაიპი 2012 წლის დასაწყისში სოლო ალბომის ჩაწერას გეგმავს.
გუშინ მუსიკოსმა სპეციალური პრეს-კონფერენცია მოიწვია და განაცხადა, რომ უახლოესი წლების განმავლობაში მუსიკალური კარიერის განახლებას ნამდვილად არ აპირებს.
მაიკლ სტაიპი ამჟამად სკულპტურითაა გატაცებული. ამის გარდა სურს რომ საკუთარი შეასძლებლობა კინორეჟისურაშიც მოსინჯოს და დოკუმენტური სურათი გადაიღოს.
ამერიკული ჯგუფი “R.E.M.” 1980 წელს ჯორჯიის შტატში ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ ვოკალისტი მაიკლ სტაიპი, გიტარისტი პიტერ ბაკი, ბასისტი მაიკ მილზი და ბას-გიტარისტი ბილ ბერი. ამ უკანასკნელმა ჯგუფი 1996 წელს მიატოვა.
პოპულარობას წინა საუკუნის 90-იან წლებში მიაღწიეს, როდესაც გაყიდვაში მათი ალბომები “Out Of Time” და “Automatic For The People” გამოვიდა.
თავის დროზე ჯგუფის კომპოზიციები “Losing My Religion” და “Everybody Hurts” მსოფლიო ჰიტებად გადაიქცა.
2007 წელს ჯგუფი აშშ-ის როკ-ენ-როლის დიდების მუზეუმში შეიყვანეს.