რეინჰარდ ვეზერი, “Francfurter Allgemeine”
კვირას, სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ამომრჩევლებმა დააფიქსირეს თავიანთი უკმაყოფილება 2008 წლის ომის შემდეგ აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობაზე.
ის, თუ რამდენი მცხოვრები დარჩა კიდევ სამხრეთ ოსეთში – გაურკვეველია, რადგან მონაცემების დიაპაზონი 15 000-დან 72 000-მდე მერყეობს. მაგრამ დიდი კავკასიური ქედის სამხრეთ ფერდობებზე მდებარე ამ პატარა რეგიონის პოლიტიკურ მნიშვნელობას მისი მოსახლეობის რიცხვთან არანაირი კავშირი არ აქვს. სწორედ ამის გამო, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს და რუსეთს შორის ომი გაჩაღდა, რის შემდეგაც მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღაირა საერთაშორისო სამართლის თვალსაზირისით საქართველოს ნაწილად აღიარებული ეს რეგიონი. იმ დღიდან, რუსეთის არმია, საქართველოს დედაქალაქიდან სულ რაღაც 50 კილომეტრში დგას.
კვირას, სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს ახალი პრეზიდენტის არჩევისკენ მოუწოდეს, და მართალია რესპუბლიკის ბიუჯეტის 98%-ს რუსეთი აფინანსებს, თუმცა მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი, როგორც ჩანს ხმების უმრავლესობას ვერ მოიპოვებს. ორშაბათს, დილით, რუსეთის მედია სამხრეთ ოსეთის საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ხმების 2/3-ის დათვლის შემდეგ ოპოზიციური კანდიდატი ალა ჯიოევა ლიდერობდა, და რომ მისი დაწევა უკვე ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. კრემლის „ერთიანი რუსეთის“ მონათესავე სამხრეთ ოსეთის მმართველმა პარტია „ერთობა“-მ არჩევნების შედეგების გაყალბების ბრალდებით იჩივლა, რის შემდეგაც ცხინვალში, უმაღლესმა სასამართლომ ხმების შემდგომი დათვლის პროცესი შეწყვიტა.
ოპოზიციური კანიდადიტის წარმატება მოსკოვის ფულს უკავშირება, უფრო ზუსტად კი ადგილს, სადაც ეს ფული დაილექა. ომის შემდეგ სამი წელი გავიდა და რუსეთმა აღდგენით სამუშაოებზე სამხრეთ ოსეთს დაახლოებით 610 მილიონი ევრო მისცა, მაგრამ ამის მიუხედავად დანგრეული სახლების 70%-ზე მეტი დღემდე ნანგრევებშია. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციონერები აღდგენით სამუშაოებზე კოკოითის მოკრძალებულ მონაცემებს სიცრუედ აფასებენ. როგორც ჩანს, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ბოლო სამი წლის განმავლობაში რეგიონი დატოვა და დღეს ან ჩრდილოეთ კავკასიის ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობს, ან რუსეთის სხვა ადგილებში. სამხრეთ ოსეთში დარჩენილი მოსახლეობა აღდგენითი სამუშაოების ნელ ტემპში პირველ რიგში კოკოითის და მის გუნდს ადანაშაულებს. გარდა ამისა, ამ გუნდს ბრალდებებს მასშტაბურ კორუფციაშიც უყენებენ.
მოსკოვი უკმაყოფილო იყო კოკოითით, რომელსაც ათი წლის წინ თავად დაუჭირა მხარი და აუკრძალა მას კონსტიტუციის შეცვლის გზით მესამე საპრეზიდენტო ვადით კენჭისყრა. რის გამოც კოკოითმა შური იძია და თანაც ყველაზე უღირსი გზით: მან არაერთხელ გამოხატა საჯაროდ მხარდაჭერა მოსკოვის ახალი ფავორიტის, ანუ ანატოლი ბიბილოვის მიმართ, რომელიც კოკოითის მთავრობაში საგანგებო სიტუაციების მინისტრი იყო. რუსი ექსპერტების აზრით, იმ შთაბეჭდილებამ, რომ ბიბილოვი კოკოითის კაცია, ხელი შეუწყო მის მარცხს არჩევნებში. ბიბილოვის კარიერა, რომელსაც უშუალოდ არჩევნების წინ რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი შეხვდა, რუსეთის არმიას უკავშირდება – ისევე როგორც ბევრი იმ ადამიანის კარიერა, რომლებმაც რუსეთის ხელისუფლებაში პუტინის მოსვლის შემდეგ, სამხრეთ ოსეთში საკვანძო თანამდებობები დაიკავეს.
თუმცა, არჩევნების შედეგები არსებითად ვერ აისახება მოსკოვის მდგომარეობაზე სამხრეთ ოსეთში. დღევანდელ დღეს ამ რეგიონში დაახლოებით 3 800 რუსი სამხედროა და დაახლოებით 900 მესაზღვრე, ხოლო საქართველოს დანარჩენ ნაწილთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ რუსებმა 18 პოსტი ააშენეს. რუსეთის არმია იმის ერთგვარი გარანტიაა, რომ სამხრეთ ოსეთში შესაძლო არეულობა მოსაზღვრე ქართულ რაიონებს არ გადაედება, სადაც აღდგენითი სამუშაოები ასევე ნელა მიმდინარეობს, თუმცა მათ, სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, საერთაშორისო ორგანიზაციები ეხმარებიან.
ქართულ მხარეს მდებარე სოფლების მცხოვრებლებისთვის სერიოზული დისკომფორტის მიზეზი ის არის, რომ მათი მიწების, საძოვრებისა და ბაღების ნაწილი სადემარკაციო ხაზის მეორე მხარეს მდებარეობს. განსაკუთრებით ომის დასრულებიდან ორი წლის განმავლობაში ოსი და რუსი სამხედროები აკავებდნენ ქართული სოფლების მცხოვრებლებს, რომლებიც საზღვარს კვეთდნენ. ამ მომენტისთვის, სამხრეთ ოსეთში დაახლოებით 20 ქართველია დაკავებული. მაგრამ მთლიანობაში ინციდენტების რაოდენობა სადემარკაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე გასული წელიწადნახევრის განმავლობაში შემცირდა.
საქართველოს მთავრობის აზრით, ეს დიდწილად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) დამსახურებაა, რომლის მუშაობაც იქითკენაა მიმართული, რომ ინციდენტები უფრო მასშტაბურ კონფლიქტებში არ გადაიზარდოს, როგორც ეს 2008 წლის ომამდე ხდებოდა. ევროპული მისიის მონაწილეებს შეთანხმება აქვთ სასაზღვრო ხაზის გასწვრივ განთავსებულ ქართველ პოლიციელებთან და სამხედროებთან, რომლებიც მათ საკუთარი პუნქტებზე ინსპექციის ჩატარების შესაძლებლობას აძლევენ. ამგვარად, რუსული მხარის მუდმივი ჩივილი იმის თაობაზე, რომ საქართველო თითქოს ამზადებს შეიარაღებულ თავდასხმას სამხრეთ ოსეთზე, საფუძველს მოკლებულია. ამ მომენტისთვის გაურკვეველია, რა ხდება საპირისპირო მხარეს, რადგან რუსეთი აღარ ასრულებს 2008 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობებს და არ უშვებს ევროკავშირის მისიის წარმომოადგენლებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.
foreignpress.ge
756
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85