ტელეკომპანია „მაესტროში“ აშენებული ორმაგი ციტადელი

ტელეკომპანია „მაესტროში“ აშენებული ორმაგი ციტადელი

ეროსი კიწმარშვილმა უკვე მერამდენედ გამოავლინა თავისი სპორტული ოსტატობა. უფრო ადრე მან „ქართული პარტიის“ დაფუძნებისას კალათბურთის დარბაზის შემაღლებული ტრიბუნიდან ისკუპა და თვალის დახამხამებაში დარბაზს გადაევლო. დღეს დილით კი, რვის წუთებზე, თავისი ტრიუკები ტელეკომპანია
„მაესტროს“ ღობეზე გამოსცადა - უცხო პირებთან ერთად ელვის უსწრაფესად გადაევლო ღობეს და „მაესტროს“ ეზოს შიგნით აღმოჩნდა.

ღობეზე გადამძვრალი ეროსის დანახვისას, ტელეკომპანიის თანამშრომელმა პატრული გამოიძახა, თუმცა რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, პოლიციის თანამშრომლები და ეროსი კიწმარიშვილი ერთმანეთთან შეხმატკბილებულად იქცეოდნენ და ჟურნალისტებს შენობაში არ უშვებდნენ. ყველასდა გასაოცრად, ტელეკომპანია „მაესტროს“ მმართველი კომპანიის ხელმძღვანელმა, ეროსი კიწმარიშვილმა, ამავე ტელევიზიის დამფუძნებლებთან ურთიერთობა ასეთი ფორმით სცადა და მაუწყებლობა ჩაშალა. ამასთან, მას არანაირი უფლება არ ჰქონდა დამფუძნებელი მამუკა ღლონტი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა, თუმცა კიწმარიშვილმა თავის მოვალეობას აქაც გადაამეტა. 

„ეს არის სპეცოპერაცია... ჟურნალისტები ეროსი კიწმარიშვილის ტყვეობაში არიან და შენობის გარეთ ვერ გადიან, რათა კიწმარიშვილი შენობაშიც არ შეიჭრას... ეროსი კიწმარიშვილმა გაშიფრა საკუთარი თავი... ეროსი კიწმარიშვილს ნერვული აშლილობა დაემართა და ღობეს ამიტომაც გადაახტა... კიწმარიშვილი ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს და ამისთვის ზონდერებს იყენებს“, - სწორედ ასეთი შეფასებები გამოიწვია ეროსი კიწმარიშვილის საქციელმა.

ზოგიერთებს ანალოგია გაუჩნდათ ტელეიმედთან მიმართებით და სცენარის გამეორებაზე ალაპარაკდნენ. 2007 წელსაც სამართალდამცავები დაახლოებით ასეთი ფორმით შეიჭრნენ იმ დროისთვის ჯერ კიდევ თავისუფალ ტელეკომპანიაში.

„მაესტროს“ დამფუძნებლის მამუკა ღლონტისთვის გაუგებარია, როგორ შეეძლო მმართველი კომპანიის ხელმძღვანელს, ეროსი კიწმარიშვილს მისი გათავისუფლება?! „ბანდიტი ეროსი კიწმარიშვილი, ჟურნალისტებს არ უშვებს მოვალეობის შესასრულებლად. ბაჩო კიკაბიძე გაათავისუფლა, მე „მაესტროს“ დამფუძნებლობიდან მომხსნა და ალბათ, ჩემი წილი გადაიფორმა. ესაა ტელევიზიის შენობის ძალით დაკავება, ერთხელ ეს ვალტერ შურღაიამ გააკეთა. ეროსი კიწმარიშვილს უფლება არ აქვს, იმყოფებოდეს არხის ტერიტორიაზე“, - აცხადებს მამუკა ღლონტი.

თავის მხრივ, ბაჩო კიკაბიძე აღნიშნავს,რომ ეროსი კიწმარიშვილს მისი გათავისუფლების იურიდიული უფლება არ ჰქონდა, რადგან იგი დამფუძნებელმა დანიშა და არა ეროსიმ.

როგორც ჩანს, ეროსი კიწმარიშვილმა განიზრახა, მისი სახელი მხოლოდ „ვარდების რევოლუციის“ მხარდაჭერით არ შემოიფარგლოს და ტელესივრცეში კიდევ ახალი გადატრიალება მოახდინოს.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით მათ საქმის კურსში უკვე ჩააყენეს ელჩები, მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებაც, თუ როგორ გამოიყენა კიწმარიშვილმა თავისი ალპინისტური ცოდნა და შეიჭრა ტელეკომპანიაში. შესაბამისად, დიპლომატები უკვე შეხვდნენ „მაესტროს“ დამფუძნებლებსა და ჟურნალისტებს.

თავის მხრივ, ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტური კორპუსი სრულ თანადგომას უცხადებს „მაესტროს“ დამფუძნებელს, მამუკა ღლონტს და ეროსი კიწმარიშვილისგან შენობისა და მისი ეზოს დაცლას მოითხოვს. ამის მიუხედავად, ეროსი მყარად ინარჩუნებს პოზიციებს და 2012 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, აპირებს, განახორციელოს ამ კომპანიის მართვა. თანაც, კიწმარიშვილის თქმით, ეს მისი უპირობო უფლებაა, „რაც განხორციელდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მამუკა ღლონტი აქ აიშენებს ციტადელს“.

საინტერესოა, რომ ეროსი კიწმარიშვილი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც გუშინ ღამით ბიძინა ივანიშვილმა დამკვიდრებულ ტრადიციას უღალატა და „მაესტროს“ ჟურნალისტი თავის რეზიდენციაში კი არ მიიწვია, არამედ ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემაში („პირდაპირ საუბარი“) ეკა ბერიძის კითხვებს ერთი საათის განმავლობაში უპასუხა. მართალია, გუშინ ივანიშვილს პოლიტიკურ მიზნებზე ახალი თითქმის არაფერი უთქვამს, თუმცა მანამდე კულუარულად უკვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, ბიზნესმენი „მაესტროს“ შესყიდვის თაობაზე გააკეთებს განცხადებასო. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო „მაესტროს“ დამფუძნებელთა ერთობლივმა განცხადებამ, რომელიც ტელეარხის ეთერში ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა და, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლები ეროსი კიწმარიშვილს სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებდნენ.

არ ვიცით, ეროსის ტელეკომპანიაში შეჭრის შიშით, სადამდე იქნება „მაესტროს“ შენობაში გამოკეტილი მამუკა ღლონტი და 2012 წლის 30 ნოემბრამდე ფეხს არ მოიცვლის თუ არა ეროსი კიწმარიშვილი „მაესტროს“ შენობიდან, მაგრამ აშკარაა, რომ ეროსი კიწმარიშვილი ხელისუფლების მიერ მედიაზე განხორციელებული დარტყმის პროცესში დამხმარე საშუალება აღმოჩნდა.

უკვე საუბრობენ, რომ ხელისუფლებამ სწორედ ეროსის საშუალებით იძია შური თავისუფალ ტელეკომპანიაზე და წინასაარჩევნოდ მისი გაჩერება განიზრახა. თავისუფალი მედიის დასაცავად დღეს „მაესტროს“ შენობის წინ უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. მათ Presage.tv ესაუბრა.

„წინააღმდეგობის მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სოსო მანჯავიძე აცხადებს, რომ  ეროსი კიწმარიშვილის პიროვნება ქართულ პოლიტიკაში ცალკე განხილვის თემაა.

„სამწუხაროდ, ეს ადამიანი მუდმივად რჩება პოლიტიკაში, მიუხედავად თავისი წარსულისა და გმირობისა. ქართულ საზოგადოებას გვჭირს განურჩევლობის სინდრომი. სწორედ ამის ბრალია, რომ ამდენი ხნის მანძილზე ბატონი ერასტი ტივტივებს და, როდესაც ტელეკომპანია „მაესტროზე“ კონტროლის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა, ბატონმა ერასტიმ და მისმა მფარველებმა ასეთი სპეცოპერაცია მოაწყეს. შეხედეთ, ვინ იცავს ერასტის, ვინ დგას კარებთან მის დასაცავად. ყველამ ყველაფერი იცოდა, რაც ვითომ დაფარული იყო, მაგრამ გარკვეული მოსაზრებების გამო, მალავდნენ. ახლა ყველაფერი განსაჯაროვდა და ჩვენ ვხედავთ საქართველოს შს სამინისტროს „მაესტროში“.

სოსო მანჯავიძის თქმით, ქვეყანა ძალის პრინციპით იმართება და სავარაუდოდ, ხელისუფლება შეეცდება ან მართოს „მაესტრო“ ისე, როგორც მას უნდა, ან დახუროს ეროსი კიწმარიშვილის და მისი მმართველი კომპანიის სარჩელის საფუძველზე, რომელსაც ის ალბათ სასამართლოში შეიტანს. 

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ რაც „მაესტროში“ ხდება, ეს თავისუფალ მედიაზე ზეწოლის უკვე მესამე ფაქტია:

„ამას ჰქვია „მესამედ საქართველოში“. „პირველად საქართველოში“, - ხომ უყვარს მიშას ეს გამოთქმა?! ტელეკომპანია „იბერია“, ტელეკომპანია „იმედი“ და ახლა ტელეკომპანია „მაესტროს“ მიადგნენ. ვინც არ უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ ამ ფუნქციის შესასრულებლად, ცხადია, რომ „მაესტროს“ ხელყოფაა ხელისუფლების დაკვეთა და დავალება, განსაკუთრებით, მას მერე, რაც ივანიშვილი პირდაპირ ეთერში იყო ეკა ბერიძესთან. კულისებში რა გადაწყდა, არ ვიცი, მაგრამ ამას მოჰყვა რეაქცია, რომ დღეს დილით შეუვარდნენ ტელეკომპანიას და აბსოლუტურად უკანონოდ, ყველანაირი იურიდიული საბუთის გარეშე, დაიკავეს ტერიტორია“.

ამასთან, ნანა კაკაბაძე ვერ აკონკრეტებს „გაიშიფრა“ თუ არა ეროსი კიწმარიშვილი, მაგრამ ხელისუფლების საქმეს რომ აკეთებს, მისთვის ეს ცხადია.

ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი კიწმარიშვილის საქციელს ტელევიზიის ოკუპაციად განიხილავს.

„ვერ გავიგე, რა უფლება აქვს, მას მართვის უფლებით ჰქონდა ტელეკომპანია და კონკრეტული დავალება ჰქონდა, რომ შეესყიდა რეკლამის დრო და ამის საფასურს იხდიდა. რას ჰქვია, გამიფლანგეს თანხებიო? ვინ გაუფლანგა? თუ რამე გაუფლანგეს, სასამართლოში გაარკვიოს. თუ არადა, შევარდეს და დაიკავოს ძალით ტერიტორია?! ასე ხელისუფლება რომ იქცევა, ვიცი... შსს ამბობს, ჩვენ ვიცავთ წესრიგს, თვითონ „მაესტრომ“ გამოგვიძახაო, ამიტომ ასე უცებ პოლიტიკური განცხადების გაკეთება არ მინდა და ვერ ვიტყვი, იცავს თუ არა ხელისუფლება კიწმარიშვილს. საინტერესოა, საიდან გაათავისუფლა მამუკა ღლონტი? ღლონტი დირექტორი არ ყოფილა და გამოდის, დამფუძნებლობიდან მოხსნა?! ეს კატასტროფაა“.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ვიქტორ დოლიძისთვის გაუგებარია, ასეთი ფორმით როგორ შეიძლება წყდებოდეს დავა. თუმცა ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ ეროსი კიწმარიშვილი ხელისუფლების ღია იარაღი აღმოჩნდა, რომელმაც გადაწყვიტა, სწორედ ამ ფორმით მოეგვარებინა პრობლემები.

„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე მიიჩნევს, რომ მომხდარი შეიძლება საბაბი გახდეს ხელისუფლებისთვის არასასურველი მედიასაშუალების გასაჩერებლად.

„ჩვენ, ყველას, ეჭვი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, „მაესტრო“ გამოირთოს. ამას მოჰყვეს ხანგრძლივი იურიდიული პროცედურები, საფინანსო სამსახური შევიდეს და „მაესტრო“ გაითიშოს, რომელიც „კავკასიასთან“ ერთად ერთ-ერთი ფლაგმანია და ამ ხელისუფლების საწინააღმდეგო მოსაზრებების გამოთქმის საშუალებას გვაძლევს. ეროსის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, ჯერჯერობით საქმის ვითარება არ ვიცი, მე მგონი, არც არავინ იცის, ზუსტად რა მოხდა, მაგრამ თავად ფაქტი არასასიამოვნო და სახიფათოა“, - აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

მისი თქმით, ამ ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხი უკვე დგას დღის წესრიგში, ქვეყანა გაჩერებულია, უკან-უკან მივდივართ და „მაესტროში“ შევარდნით სააკაშვილი გვეუბნება, ბიჭი ვარ, მოდით და მეომეთო. „ყველაფერ უმსგავსობას ჩადის. ეს ფაქტიც უმსგავსობაა“, - გვითხრა სანიკიძემ.

ჟურნალისტი ირაკლი კორძაია მომხდარს მედიის მიმართ ბოლოდროინდელ იერიშს უკავშირებს.

„ყველაზე მთავარია, არ შეფერხდეს ტელეკომპანიის მუშაობა, მაყურებელი არ დაზარალდეს, ეროსი კიწმარიშვილის საქციელის ანალიზს არ დავიწყებ. იმედი მაქვს, რომ ეს არის მისი ნერვიული აშლილობის გამო მომხდარი. ეროსის დღევანდელი საქციელი და მედიასთან დაკავშირებით ხელისუფლების ბოლოდროინდელი ინიციატივები ერთმანეთთან უნისონშია“, - აცხადებს ირაკლი კორძაია.

ამასთან, არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილის განცხადება, შესაძლოა, ერთგვარად გამაღიზიანებელი გვირგვინი იყო, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე - ხელისუფლების ნების შემსრულებელი ეროსი კიწმარიშვილისთვის.

უფლებადამცველ ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, დღეს დილიდან არა მარტო ტელეკომპანია გამოირთო, არამედ ჟურნალისტებზეც ზეწოლა განხორციელდა.

„ამ ყველაფერს დაერთო ძალადობა, ტელეკომპანიის ეზოში არ უშვებდნენ არც დამფუძნებლებს, არც დირექტორს, არც ჟურნალისტებს. ეს მეტყველებს ერთ რამეზე, რომ სააკაშვილის რეჟიმი არსებული სიტუაციის სათავისოდ გამოყენებასა და ტელეკომპანია „მაესტროს“ დახურვას შეეცდება. ეს ტრაგედია იქნება, რადგან ისედაც თითო-ოროლა მოჰიკანი შემორჩა საქართველოში ტელევიზია „მაესტროს“, „კავკასიის“, „25-ე არხის“, „თრიალეთის“ და რამდენიმე ინტერნეტტელევიზიის სახით“.

ლაშა ჩხარტიშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ივანიშვილის ეთერში გამოსვლა მაპროვოცირებელი ფაქტორი ყოფილიყო, რათა სააკაშვილს ამ ტელეკომპანიის დახურვა ეცადა. „წლების განმავლობაში ტელეკომპანია „მაესტროს“ ობიექტური საქმიანობა სააკაშვილისთვის ყელში გაჩხერილი ფხა იყო, რომლის გადაყლაპვასაც ახლა თუ შეეცდება, აუცილებლად დაიხრჩობა“. 

პარლამენტარი ჯონდი ბაღათურია მაესტროში მომხდარი სცენარის უშუალო ავტორად სააკაშვილს მიიჩნევს.

„ითმინეს, ითმინეს და ბოლოს, გუშინდელ გადაცემას მოჰყვა ასეთი რეაქცია, როცა ივანიშვილი იყო ეთერში მოსული. სხვაგვარად, აბა, ახლა ვინმე გაბედავს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ შესასვლელში დადგეს და არ შეუშვას ჟურნალისტები? როგორი რეაქცია ექნებათ სამართალდამცავ ორგანოებს? ახლა კი დგანან და ხელს უწყობენ ეროსის. ვინც აქამდე არ იცოდა, ერასტი ვინ ბრძანდებოდა, ეს მისი პრობლემაა. ჩემთვის ერასტი გაშიფრული იყო. დღეს რასაც აკეთებს, წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი პარტიის გენერალური მდივანია, ამდენად, როგორ შეუძლია, ტელეკომპანიების შესასვლელის გადაკეტვა?! თავისთავად ცხადია, ეს შენობა კერძო საკუთრების მფლობელის, მამუკა ღლონტის საკუთრებაა და, თუკი ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რაიმე სადაო აქვს, ეს სასამართლოთი უნდა გადაწყვეტილიყო“, - გვითხრა ჯონდი ბაღათურიამ. 

ჟურნალისტ თამარ ჩიქოვანის თქმით, „მაესტროს“ ჟურნალისტები აუცილებლობად მიიჩნევენ, გავიდეს ტელევიზიის შენობიდან და ეზოდან მმართველი კომპანიის წარმომადგენელი ეროსი კიწმარიშვილი და პოლიცია და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემათ მათ მუშაობის საშუალება.

„რაც შემეხება მე, თუ დადგება საკითხი, წავიდეს ბაჩო კიკაბიძე, მამუკა ღლონტი და ლევან ჩიკვაიძე და „მაესტრომ“ გააგრძელოს მუშაობა, ასეთ პირობებს ვერ დავეთანხმები, რადგან თავის დროზე აქ მოვედი ზუსტად მამუკა ღლონტის და ძველი „მაესტროელების“ მოწვევით“.

რაც შეეხება ეროსი კიწმარიშვილს, მასაც საკუთარი არგუმენტები აქვს.  ცალმხრივობის თავიდან ასაცილებლად, მის პოზიციასაც შემოგთავაზებთ. კიწმარიშვილი ფულზე აპელირებს და აცხადებს, რომ მართვის კომპანიიდან მისი განდევნის მცდელობა უსამართლოა, რადგან მან ორი წლის განმავლობაში 4 -ნახევარი მილიონი დოლარის ინვესტიცია შეიტანა ამ კომპანიაში, რომლის ერთი მილიონიც გაუჩინარდა. ამასთან, კიწმარიშვილი პირობას დებს, რომ ვერანაირი პოლიტიკური განცხადებები  და ისტერია მას ვერ შეაცვლევინებს პოზიციას.

„ეს ფული მოხმარდათ ამ ადამიანებს, მათ ბიზნესგანვითარებას, მათ შორის, იმ მიმართულებით, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. 4 -ნახევარი მილიონი იმასთან შედარებით, რაც შეიძლება აიღონ, არის სერიოზული ცდუნების საფუძველი, მაგრამ მე აქედან გავალ 2012 წლის 1-ლ დეკემბერს. ამ წუთში მე ვახორციელებ ჩემს უფლებას და აქედან მაუწყებლობა გაგრძელდება“.

ამასთან, კიწმარიშვილი მამუკა ღლონტის მხრიდან საკუთარ ჟურნალისტებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჟურნალისტებს არ ეძლევათ საშუალება, ადამიანურ, მშვიდ ურთიერთობაში დაელაპარაკონ კიწმარიშვილს.

მისი თქმით, მომხდარი პირდაპირ უკავშირდება მატერიალური გამდიდრების მოლოდინს. ამით ეროსი კიწმარიშვილი ირიბად მიანიშნებს ივანიშვილის ინტერესზე. „მაესტროს“ დამფუძნებლებს გაუჩნდათ ილუზია, რომ ისინი უფრო დიდი ფულის ტომარის მოგებას მოახერხებენ“, - აცხადებს იგი.

კიწმარიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელ საქართველოში სასამართლოში ჩივილს აზრი არ აქვს, რადგან იგი დაზარალებულია ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა „რუსთავი 2“ ჩამოართვეს.

„ისინი ბოლო ორი თვის განმავლობაში ცდილობდნენ, მოენახათ რაიმე ფორმალური მიზეზი, რომ გაეწყვიტათ ჩემთან კონტრაქტი. ეს იქნება ივანიშვილი თუ სხვა ვინმე, არ მაინტერესებს. მე აქედან გავალ და ამ კომპანიის მართვას იმ ვადებში შევწყვეტ, რა ვადებშიც ეს უფლება მომცეს. ვერცერთი ჟურნალისტი, თუ მას სინდისი აქვს, ვერ იტყვის, რომ ოდესმე მართვის კომპანიიდან მათ საქმიანობაში ჩავრეულვარ. რასაც ახლა აკეთებს მამუკა ღლონტი, აპელირება პოლიტიკაზე, ეს არის სუსტი, საცოდავი, პლაგიატორი, 2001 წელს „რუსთავი 2“-ში მომხდარი ამბები, ეს ფოკუსები დიდი ხნის წინ დამთავრდა, რადგან მე მაშინ გულწრფელად ვიბრძოდი, დღეს მებრძვიან იმისთვის, რომ მე მინდა, იყოს თავისუფალი არხი, ადამიანების რაღაც ჯგუფს კი უნდათ, მატერიალური მოგება. ამიტომ არ ამართლებს ე.წ. ვარდების რევოლუციის პლაგიატის გამეორება რაღაც ფორმატებით. აქ საუბარი არ მიდის იდეოლოგიურ დაპირისპირებაზე. ის ადამიანები, რომლებიც გარეთ დგანან და ძველ ფირფიტებს ატრიალებენ, უბრალოდ, პოლიტიკურ ქულებს იწერენ“, - აცხადებს კიწმარიშვილი და მამუკა ღლონტისგან შენობის დაცლას მოითხოვს.

„ჟურნალისტების საქმიანობას ხელს არავინ შეუშლის, მაგრამ მამუკა ღლონტი აქ უკანონოდ იმყოფება. არავინ ეხება დამფუძნებლების კანონიერ უფლებას, ჰქონდეთ საკუთრების უფლება, ისინი ფლობენ საკუთრებას და შეუძლიათ, გაყიდონ თავიანთი საკუთრება, მაგრამ სხვა დანარჩენი, კომპანიის ხელში არებული ყველა აქტივი, მთლიანად ჩემთვისაა გადმოცემული... ივანიშვილი, გოგელია თუ სხვა ვინმე, ჩემთვის არ არის ფაქტორი, გამიწყვიტოს კონტრაქტი. უფრო მეტი დაფინანსების მოლოდინი არ უნდა ნიშნავდეს წინა არსებული ვალდებულებების უპირობო გაუქმებას“.

ამასთან, კიწმარიშვილი მიიჩნევს, რომ, მართლია, ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ სასურველი რესპოდენტია ჟურნალისტებისთვის, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს ეიფორიაში ყოფნას.

„მე რეიტინგები მეუბნება, რომ ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ რეიტინგები წავიდა ზემოთ, ზოგადად ცქერადობა გაიზარდა, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ ხალხმა არ დაკარგოს ობიექტური ნიშა. თუ აჩვენებ ივანიშვილს, არ უნდა დაჩაგრო შალვა ნათელაშვილი. მათ უნდათ, პავლე შეცვალონ სავლედ, რადგან ელოდებიან უფრო მეტს სავლესგან“.

ჟურნალისტებისთვის ახსნა-განმარტების გაკეთების შემდეგ, ეროსი კიწმარიშვილმა მათ მიმართაც სიმკაცრე გამოიჩინა და მათაც მოსთხოვა „მაესტროს“ ეზოს დატოვება, თანაც მიუთითა, მამუკა ღლონტის წარმომადგენელმა კომენტარი ეზოს გარეთ გააკეთოსო.

რაც შეეხება მამუკა ღლონტის წარმომადგენელს, მაკა გახარია აცხადებს, რომ პროკურატურაში შეიტანენ სარჩელს კიწმარიშვილისა და მისი დამხმარე პირების  წინააღმდეგ.

„მას შეეძლო ღობიდან გადმოძრომა, რომ ამდენი ხანი ქუჩაში გავეჩერებინეთ და ჟურნალისტები არ მიეშვა სამუშაო ადგილებამდე? შეეძლო დამფუძნებელთან შეთანხმების გარეშე მოეხსნა გენერალური დირექტორი ან სხვა პირი? მას ამის უფლება არ ჰქონდა. თუ ეროსი კიწმარიშვილი განაგრძობდა მუშაობას, როგორც მუშაობდა და არ ჩაერეოდა ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაში, კონტრაქტით განსაზღვრულ ვადამდე ჩვენ ჩვეულებრივად გავაგრძელებდით მასთან მუშაობას“.

ამასთან, მაკა გახარია არ გამორიცხავს ივანიშვილისგან დაფინანსების მიღებას და მამუკა ღლონტის ნათქვამს იმეორებს, რომ მედიის განვითარებისთვის მიხეილ საკაშვილისგანაც მიიღებენ დაფინანსებას, თუ იგი ჟურნალისტურ საქმიანობაში არ ჩაერევა.

„თუ ჩვენს ფინანსურ დამოუკიდებლობაში არ ჩაერევა არავინ და ჟურნალისტებს თავისუფლად მოქმედების საშუალება ექნებათ, რომ, თუ ბიძინა ივანიშვილი როცა რაღაც ცუდს ჩაიდენს, გააკრიტიკონ, ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილისგანაც ავიღებთ დაფინანსებას“.