ცოტა ვაკანსია და კიდევ უფრო ცოტა ხელფასი

ცოტა ვაკანსია და კიდევ უფრო ცოტა ხელფასი

დასაქმება, ვაკანსიები და ხელფასი - ალბათ ამაზე მეტად საქართველოში არც ერთ თემაზე არ ლაპარაკობენ. ამ “სამეულიდან” არცერთის მონაცემი დადებითი განწყობის საფუძველს არ იძლევა.

 

დასაქმების სააგენტოების ერთი ნაწილის ინფორმაციით, სექტემბერში ვაკანსიების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ ეს დიდი შვება არ არის. სააგენტო “ეიჩ-არ”-ში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ თვეში ვაკანსიების რაოდენობამ 150 ერთეულით მოიმატა. მათივე თქმით, ვაკანსიების მოწოდება გაააქტიურა საბანკო სექტორმა, დიდი მოთხოვნაა გაყიდვების აგენტებსა და მომსახურე პერსონალზეც.

 

ვაკანსიების რაოდენობის მატების მიუხედავად, ხელფასები ისევ მინიმალურია. ამიტომ ხშირია ერთი და იმავე ვაკანსიების გამეორების შემთხვევები. გარდა ამისა, საყოველთაო სიძვირის პირობებში უმუშევარი ადამიანებიც კი ერიდებიან დაბალხელფასიან სამსახურზე დათანხმებას, რადგანაც მცირე ხელფასი ზოგჯერ მათ ელემენტარულ მოთხოვნილებებსაც კი არ აკმაყოფილებს. გამოდის, რომ ეს ადამიანები თვიდან თვემდე “ტყუილად” შრომობენ.

 

“საქსტატის” ინფორმაციით, ყველაზე მცირე ანაზღაურება საქართველოში განათლების სფეროშია, სადაც საშუალო ხელფასი 297 ლარია. გარდა ამისა, საკმაოდ დაბალი ანაზღაურება აქვთ მომსახუროების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს (მიმტანებს, გამყიდველებს, დამლაგებლებს).

 

საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები კი საფინანსო სფეროშია. სტატიტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2010 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი - 1378 ლარი - სწორედ ამ სეგმენტის წარმომადგენლებს ჰქონდათ. ეს მაშინ, როცა ქვეყანაში საშუალო თვიური ხელფასი 600 ლარამდე იყო.

 

საერთოდ, დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური ხელფასი კლებას განიცდის. მაგალითად, 2009 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით, ზოგიერთ სფეროს თანამშრომლებს 2010 წლის პირველ კვარტალში მცირედით შეუმცირდათ. მაგალითად, სამშენებლო სფეროში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 2009 წლის მე-4 კვარტალში 789 ლარს შეადგენდა, 2010 წლის პირველ კვარტალში ეს ციფრი 629,1 ლარამდე ჩამოვიდა, ხოლო მეორე კვარტალში ისევ გაიზარდა და 772,3 ლარი შეადგინა.

 

ასევე, ყოველთვიური შემოსავალი შეუმცირდათ ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობაში დასაქმებულებს. მაგალითად, თუ 2009 წლის მე-4 კვარტალში ამ სფეროში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 789,6 ლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 740,5 ლარამდე ჩამოვიდა, ხოლო მეორე კვარტალში მცირედით გაიზარდა და 771,6 ლარი შეადგინა.

 

საშუალო ხელფასი შეუმცირდათ ყველაზე მაღალანაზღაურებად სფეროში დასაქმებულებს. თუ ადამიანი საფინანსო საქმიანობისთვის 2009 წლის მე-4 კვარტალში საშუალოდ 1453,0 ლარის ოდენობით ხელფასს იღებდა, 2010 წლის პირველ კვარტალში ეს 1315,7 ლარამდე შემცირდა, მეორე კვარტალში კი 1378,7 ლარამდე გაიზარდა.

 

ხელფასი შეუმცირდათ სახელმწიფო მმართველობაში დასაქმებულებს, თუმცა არცთუ თვალშესაცემად. ამ სექტორში დასაქმებული ადამიანები უფრო მეტად იმაზე ჩივიან, რომ მათი ანაზღაურება ბოლო 2 წელია ერთ ადგილზე გაიყინა და აღარ იზრდება.