თომას დე ვაალი, “Carnegie Endovment”
15 ქვეყანას, რომელიც საბჭოთა კავშირის ნანგრევებში დაიბადა, უკვე 20 წელი შეუსრულდა. ეს ქვეყნები ადამიანები რომ ყოფლიყვნენ, ისინი ახლა ყმაწვილკაცობიდან ზრდასრულ ასაკში გადავიდონენ (თუმცა შეერთებულ შტატებში კიდევ ერთი წელი აეკრძალებოდათ ალკოჰოლის მიღება).
სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისთვის, სომხეთისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ოცწლეულის საკვანძო მომენტი ის არის, რომ განსხვავებით მათი სახელმწიფოებრიობის იუღბლო ექსპერიმენტისგან 1918-1921 წლებში, მათი დამოუკიდებლობა ამჯერად შეუქცევადია. მაგრამ ჯერ კიდევ უფრო ადვილი იმის თქმაა, თუ რას არ წარმოადგენენ ეს ქვეყნები, ვიდრე იმისა, თუ რანი არიან.
პირველყოვლისა, ისინი აღარ არიან „ახლად შექმნილი დამოუკიდებელი“ სახელმწიფოები, როგორც მათ ხშირად უწოდებდნენ 1990-იანი წლების დასაწყისში. 20 წელი ის ასაკია, როდესაც წინ უნდა იყურო და არა უკან.
უკვე ტერმინი „პოსტ-საბჭოთაც“ ისე აღარ გამოგვადგება, როგორც წინათ გვადგებოდა. საბჭოთა კავშირმა ჩამოაყალიბა მათი პოლიტიკური გარემო და კულტურა, მაგრამ ამჟამად სამხრეთ კავკასია იმით არის დაკავებული, რომ თავიდან ადგენს საკუთარ გეოგრაფიას რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის გადაკვეთაზე. ირანი და თურქეთი უფროს ახლოს არიან, ვიდრე მოსკოვი.
ისიც მცდარი იქნებოდა ამ ქვეყნებისთვის დღესაც „გარდამავალობაში მყოფი“ გვეწოდებინა. იმის იმედი, რომ პოსტ-კომუნისტური ქვეყნები გარდაუვლად დაადგნენ დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრისკენ მიმავალ გზას, გაწყდა ადგილობრივი რეალიების გამო. ეს პოლონეთი არ არის. საქართველოც კი, ყველაზე პროგრესული ამ სამ ქვეყანას შორის, თავის დემოკრატიული ინსტიტუტების სიმტკიცითა და ეკონომიკის ღიაობით, დღემდე ძალიან ჩამორჩება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ქვეყნებს.
ზუსტად ასევე, ტერმინი „კონფლიქტური რეგიონები“ საუკეთესოდ ვერ აღწერს ამ სახელმწიფოებს. რაღა თქმა უნდა, 90-იანი წლების და დღემდე გადაუწყვეტელმა სამმა კონფლიქტმა, რომლებიც სადავო ტერიტორიების აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბახის გამო მოხდა და რომელიც 2008 წელს სამხრეთ ოსეთში განმეორდა, აქაურობას ღრმა კვალი დაამჩნია. მაგრამ შეცდომა იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ეს კონფლიქტები განსაზღვრას რეგიონის მოსახლეობის თვითაღქმას. სახელმიწფო მშენებლობა, ამ კონფლიქტების მიუხედავად, გრძელდება და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა იმას ადასტურებს, რომ ადამიანთა უმეტესობა უფრო ეკონომიკური პრობლემებითაა დაკავებული, ვიდრე კონფლიქტებით.
და ბოლოს, ოცი წელიწადი ნამდვილად ის დროა, როდესაც უნდა ითქვას, რომ სამმა ზრდასრულმა ქვეყანამ საკუთარი თავი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებით უნდა შეაფასოს და არა იმით, თუ როგორ იქცევიან მათი დიდი და ძლევამოსილი მეზობლები. დიახ, რუსეთი რთული მეზობელია, მაგრამ ის დღეს საქართველოს იმაზე უფრო მეტად არ ემუქრება, ვიდრე 1990-იანი წლების დასაწყისში ემუქრებოდა. თანამედროვე თურქეთი სულ სხვა ქვეყანაა, ვიდრე ოტომანთა იმპერია იყო, ხოლო ირანი საკუთარი საშინაო პრობლემებითაა დაკავებული და რეგიონის სტაბილურობას ამჟამად საფრთხეს არ უქმნის.
სამივე ქვეყანა დღეს ფუნქციონირებადი სახელმწიფოა, რასაც ნამდვილად ვერ იტყოდი კონფლიქტებით დაღდასმულ, კანონს გარეშე დარჩენილ, პირქუშ 90-იანებში. მთავრობები მომსახურებას უზრუნველყოფენ, ინსტიტუტები მუშაობს, ადამიანები შესრულებული სამუშაოსთვის ხელფასს იღებენ. მაგრამ უცხოელი სტუმრების უმეტესობა, თუ ისინი ვერ გაბედავენ სამი დედაქალაქის მიღმა გახედვას, დამახინჯებულ შთაბეჭდილებას შეიქმნიან. ბაქო, თბილისი და ერევანი დღეს ძალიან კარგი სანახავია უცხოელისთვის – კარგი მაღაზიები და სასტუმროები, კარგი მომსახურება. ბაქო ენერგეტიკული ბუმის წყალობით, განსაკუთრებით გამოირჩევა ახალი ინფრასტრუქტურითა და ნაგებობებით. მაგრამ ამ ქალაქების ზღვარს მიღმა, სხვა სურათი იშლება – სიღარიბე, გამანადგურებელი უმუშევრობა და ასეულობით ნახევრად დაცარიელებული სოფელი.
თუ სამივე ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე მშპს- მაჩვენებელს გადავხედავთ, სომხეთი და საქართველო დღემდე ძალიან დაბალი შემოსავლების ველში არიან ჩარჩენილნი (დაახლოებით, $5,000 ერთ სულ მოსახლეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თურქეთზე დაახლოებით სამჯერ ღარიბები არიან). აზერბაიჯანის უფრო მტკიცე მიღწევები ნიღბავს იმას, რომ ნავთობითა და აირით მიღებული შემოსავლები მოსახლეობის შედარებით მცირე, ურბანულ სეგმენტშია კონცენტრირებული. ამიტომ გასაოცარი არ არის, რომ სამივე ქვეყნის დაახლოებით 16 მილიონიანი მოსახლეობის, სულ ცოტა ერთი მეხუთედი, სამუშაოს ძიებაში დროებით, ან სამუდამოდ მიდის ემიგრაციაში.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სამი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი საფრთხე კონფლიქტების განახლებაა, რაც მათ ოცი წლით უკან დააბრუნებს, არსებობს გრძელვადიანი პრობლემაც – ეს გლობალურ ირელევანტობაში გადასვლაა. მაშინაც კი, თუ მოხერხდება ახალი კონფლიქტების თავიდან აცილება (და უფრო ამბიციური თვალთახედვით, გაჭიანურებული კონფლიქტები შეიძლება მშვიდობიანად გადაწყდეს), მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ააშენონ ქვეყნები, სადაც უღარიბესი მოსახლეობაც კი მოისურვებს ცხოვრებას.
აქ კეთილდღეობა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელიხელ ჩაკიდებული დადიან. სამივე ქვეყანაში ძირითადად ერთპარტიული სისტემა და სუსტი ოპოზიციაა. ეს ქმნის გათიშულობას მმართველ კლასსა და მოსახლეობის მასას შორის – ამ ვითარებას დღევანდელობის ფეოდალური ურთიერთობანი შეიძლება ეწოდოს.
შესაძლოა ყველაზე დამთრგუნველი სამხრეთ კავკასიის 20 წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში ის არის, რომ აქ არ არსებობს არც ერთი მაგალითი იმისა, როდესაც ძალაუფლება არჩევნების მეშვეობით და მშვიდობიანად გადაეცა მთავრობიდან ოპოზიციას. ხუთი პრეზიდენტი – ლევონ ტერ-პეტროსიანი სომხეთში, აიაზ მუტალიბოვი და აბულფაზ ელჩიბეი აზერბაიჯანში და ზვიად გამსახურდია და ედუარდ შევარდნაძე საქართველოში ან დაამხეს, ან გააძევეს თანამდებობებიდან მათი მმართველობის ვადის დასრულებამდე. არსად მომხდარა, რომ ქვეყნის მმართველს არჩევნები წაეგო და თავისი მეტოქისთვის გამარჯვება მიელოცა. რეალურად ასეთი რამ სომხეთსა და საქართველოში მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვებმადე, 1990 წელს მოხდა. მაშინ სომხეთსა და საქართველოში საბჭოთა კომუნისტურმა პარტიამ მშვიდობიანად დაუთმო ძალაუფლება ნაციონალისტურ ოპოზიციას.
ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ხელისუფლების ამ სახით და მშვიდობიანად გადაცემა შესაძლებელი იქნება, ყველა იმ ადამიანის მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს, ვისაც კავკასიისთვის მომავალი ოცი წლის განმავლობაშიც სიკეთე უნდა.
foreignpress.ge
1045
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85