“პალატიდან  საავადმყოფოს მორგში ჩაიყვანეს, სასტიკად სცემეს. თან ვედრებით წყალს ასხამდნენ, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ“

“პალატიდან საავადმყოფოს მორგში ჩაიყვანეს, სასტიკად სცემეს. თან ვედრებით წყალს ასხამდნენ, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ“

კალმახელიძის უწყება პატიმრების წამებას აგრძელებს, რისი მიზეზიც ალბათ, ისაა, რომ აქამდე ჩადენილი დანაშაულისთვის ჯერ არავინ დაუსჯიათ. ციხეში პატიმრის წამების მორიგი ფაქტი 28 ნოემბერს მოხდა, რის შესახებაც “ობიექტივს“ ინფორმაცია ა/ო. ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის ლიდერმა, ნანა კაკაბაძემ მოაწოდა, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა ადვოკატ კახაბერ მუმლაძის მიერ მიწოდებულ ცნობებს.

მასალა პატიმრის წამების ირგვლივ, 29 ნოემბერს, გვიან ღამით სწორედ ზემოხსენებულ წყაროზე დაყრდნობით მოვამზადეთ.

1967 წელს დაბადებული კახაბერ ბარათაშვილი სასჯელს 2004 წლის 31 დეკემბრიდან იხდის. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ანუ თავისუფლებამდე დაახლოებით ერთი წელი დარჩა. ბარათაშვილი სასჯელს რუსთავის N17 დაწესებულებაში იხდიდა.

2011 წლის 27 ნოემბერს ჯანმრთელობის უკიდურესი გაუარესების (თირკმლის უკმარისობის) გამო, კახაბერ ბარათაშვილი გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

“28 ნოემბერს, ღამით მწვავე შეტევები დაეწყო და ექიმი მოითხოვა, რის საპასუხოდაც ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მსჯავრდებული გამოიყვანეს  პალატიდან, საავადმყოფოს მორგში ჩაიყვანეს და სასტიკად სცემეს. მთელი ღამის განმავლობაში იგი მორგში, გაკოჭილ მდგომარეობაში ჰყავდათ. მას სცემდნენ, თან ვედრებით წყალს ასხამდნენ, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

კახაბერ ბარათაშვილის წამებაში მონაწილე თანამშრომელთა შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, გიორგი ავსაჯანიშვილი. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით ნაწამებ პატიმარს იძულებით დააწერინეს, რომ თითქოს მან ტკივილების გამო დაზიანება თავად მიიყენა. ამის შემდეგ ის გადაიყვანეს ფსიქიკურად დაავადებულ პატიმართა პალატაში. 29 ნოემბერს, 16 საათზე კახაბერ ბარათაშვილს უთხრეს, რომ გამზადებულიყო საოპერაციოდ, რაც იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება, რადგან შესაძლოა, მისი სიცოცხლის ხელყოფით დამნაშავე ჯალათებმა სცადონ დანაშაულის კვალის დაფარვა“, - ნათქვამია “ობიექტივისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.

როგორც ადვოკატმა კახაბერ მუმლაძემ გვითხრა, 29 ნოემბერს სახალხო დამცველის აპარატსა და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მომხდარის შესახებ სიტყვიერად აცნობა, ხოლო წერილობით მიმართვას ხვალ დილით, 30 ნოემბერს წარუდგენს.

მუმლაძის განმარტებით, 30 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში მსჯავრდებულ კახაბერ ბარათაშვილს მოინახულებენ სახალხო დამცველის აპარატისა და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლები.

“პლუს ამას, ნანა კაკაბაძისა და გელა ნიკოლაიშვილის დახმარებით, მომხდარის შესახებ უკვე ვაცნობეთ ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს“, - უთხრა “ობიექტივს“ კახაბერ მუმლაძემ.