ბიზნეს–ომბუდსმენმა „ნაბეღლავი“ და „ბორჯომი“ ვერ დაიცვა: 1 ოქტომბრიდან წყლის მოსაკრებელი იზრდება

ბიზნეს–ომბუდსმენმა „ნაბეღლავი“ და „ბორჯომი“ ვერ დაიცვა: 1 ოქტომბრიდან წყლის მოსაკრებელი იზრდება

,,ნაბეღლავი’’ პროდუქციის 5 თეთრით გაძვირებას პროგნოზირებს

კომპანია ,,ნაბეღლავი’’ წყლის მოსაკრებლის გაზრდილი გადასახადის ფონზე პროდუქციის გაძვირებას 5 თეთრით პროგნოზირებს.

შეგახსენებთ: მიმდინარე კვირაში ოფიციალურად გადაწყდა, რომ 1 ოქტომბრიდან წყლის მოსაკრებელი მხოლოდ ,,ბორჯომის’’ და ,,ნაბეღლავისთვის’’ იზრდება, რაც „ბორჯომის“ შემთხვევაში 1 კუბურ მეტრ წყალზე მოსაკრებლის 10 ლარიდან 30 ლარამდე, ხოლო „ნაბეღლავის“ შემთხვევაში 6-დან 18 ლარამდე გაზრდას გულისხმობს. ,,ნაბეღლავში’’ პარლამენტის გადაწყვეტილებას დისკრიმინაციად აფასებენ და აცხადებენ, რომ 18 ლარს ფიქსირებული 3 ლარი დაემატა, რამაც საერთო ჯამში 21 ლარი შეადგინა. ,,ბორჯომი’’ აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში ბიზნეს ომბუდსმენი გიორგი გახარია აცხადებდა, რომ მზადაა, წყლის მოსაკრებლის საკითხში „ნაბეღლავისა“ და „ბორჯომის“ ინტერესები დაიცვას.

როგორც გახარიამ „კომერსანტის“ business-club-ში სტუმრობისას განაცხადა, „ნაბეღლავსა“ და „ბორჯომს“ ბიზნეს-ომბუდსმენისთვის არ მიუმართავთ, მიმართვის შემთხვევაში კი ინსტიტუტი მათი ინტერესების დამცველი გახდება.

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ წყლის მოსაკრებელთან დაკავშირებით „ნაბეღლავმა“ ომბუდსმენის აპარატს მიმართა.

„ნაბეღლავის“ დირექტორის გია გოგოლაძის თქმით, ბიზნეს–ომბუდსმენის პოზიციას იზიარებს. მისი განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით კომპანია ორმაგად დაზარალდებული გამოდის, გამომდინარე იქიდან, რომ კონკურენტის მსგავსად 120–წლიანი ბრენდი არ ჩაუბარებიათ და კარგი მუშაობისთვის ვინმეს დასჯა არასამართლიანია, თან იმ ფონზე, როდესაც ერთი და იგივე რესურსების სარგებლობისთვის მოსაკრებელი მხოლოდ ერთ კომპანიას ეზრდება.

გოგოლაძე ეთანხმება ბიზნეს–ომბუდსმენის შეფასებას იმის შესახებ, რომ მოსაკრებლის მხოლოდ ერთეული კომპანიებისთვის გაზრდა დისკრიმინაციულ ნიშნებს შეიცავს და ამ ნაბიჯით იმ ლიცენზიის პირობებიც ირღვევა, რომელიც „ნაბეღლავმა“ რამდენიმე წლის წინ მიიღო. კერძოდ, გოგოლაძის განმარტებით, მათ 25–წლიანი ლიცენზია 3 მილიონ ლარად შეიძინეს. მოსაკრებლის გაზრდა კი, მისი შეფასებით, ლიცენზიას „ფარატინა ქაღალდად“ აქცევს.

საკითხზე კომპანიები მოლაპარაკებას ეკონომიკის სამინისტროსთანაც მართავდნენ, თუმცა სამინისტროში ორი კომპანიისთვის მოსაკრებლის გაზრდას დისკრიმინაციად არ აფასებენ.