პი ჯეი ჰარვი დააფასეს

პი ჯეი ჰარვი დააფასეს

გამოცემა “New Musical Express”-ის ცნობით, ცნობილი ბრიტანელი მომღერალი პი ჯეი ჰარვი მუსიკალური ჟურნალი “Uncut”-ის საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდა.

 

ეს აღიარება მუსიკოსის უკანასკნელმა სტუდიურმა ჩანაწერმა “Let England Shake” დაიმსახურა.

 

პი ჯეი ჰარვის არაერთი კონკურენტი ჰყავდა. მას მეტოქეობას ჯგუფები “Radiohead” და “Fleet Foxes”, აგრეთვე მომღერლები პოლ საიმონი, ბილი კალაჰანი, ჯოშ ტი პირსონი და ჯილიან უელჩი უწევდნენ.

 

გამოცემა “Uncut”-ის ჟიურიმ ზემოთდასახელებული მუსიკოსებისა და ჯგუფების ბოლო ნამუშევრებს პი ჯეი ჰარვის ჩანაწერი ამჯობინა.

 

ალბომმა “Let England Shake” მიმდინარე წლის სექტემბერში ბრიტანულ ჩართებში მერვე ადგილი დაიკავა. ამ ნამუშევარმა აგრეთვე დაიმსახურა პრესტიჟული “Mercury Prize”-ს ერთ-ერთი ჯილდო.

 

“Uncut Music Award”-ის პირველი გამარჯვებულის ვინაობა 2008 წელს გახდა ცნობილი. იმ წელს ჯგუფი “Fleet Foxes” გამოარჩიეს. 2009 წელს ჯგუფმა “Tinariwen” იმარჯვა, გასულ წელს კი საუკეთესოდ მომღერალი პოლ უელერი აღიარეს.