ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის ბედი ისევ გაურკვეველია. შენობა, რომელშიც ინსტიტუტი დღემდე იმყოფება, გაყიდულია და ალბათ ოქტომბრის შუა რიცხვებამდე იმასაც ვერ გაიგებენ, ვინაა ინვესტორი, რადგან ასე გადაწყვიტა ეკონომიკის სამინისტრომ და თავად ინვესტორმაც.
ჯერჯერობით, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ შენობის მესაკუთრეა მრავალთაგან ერთ–ერთი შპს „სანი“. მრავალთაგან, რადგან, ვინაიდან ოფიციალური წყაროები დუმან, გაზეთმა „ვერსიამ“ გადაწყვიტა ინტერნეტით მოეპოვებინა ინფორმაცია „სანის“ შესახებ და აღმოჩნდა, რომ საძიებო სისტემაში 15–მდე შპს „სანი“–ს წააწყდა.
არცერთი მათგანის პროფილი არ აღმოჩნდა მედიცინა, მაგრამ საინტერესო იყო რამდენიმე მათგანის ისტორია, რომელთაც რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი პროექტი უკვე აქვს განხორციელებული და რიგ შემთხვევაში, საქმე სახელმწიფოსთან დავამდეც მივიდა. იმის გამო, რომ უცნობია, ჟორდანიას ინსტიტუტის ინვესტორს აქვს თუ არა იმ 15 „სანი“–სთან რაიმე კავშირი, ამ თემას აღარ ჩავუღრმავდებით.
ამ შემთხვევაში, მთავარი სულ სხვა რამაა. კერძოდ, ჟორდანიას ინსტიტუტი კერძო სამართლის იურიდიული პირია, რომლის 100%–ის მფლობელი სახელმწიფოა. სახელმწიფომ კი განიზრახა, რომ ინსტიტუტი შენობის გარეშე დატოვოს. ერთის მხრივ, სახელმწიფოს სრული უფლება აქვს, საკუთარი ქონება როგორც უნდა ისე გამოიყენოს, მაგრამ რას უპირებს ინსტიტუტს, რომელიც, როგორც თავად ინსტიტიტის დირექტორი არჩილ ხომასურიძე ამბობს, უნიკალური და ერთადერთია მთელს დსთ–ს სივრცეში, გაურკვეველია.
საბაზრო ეკონომიკა სწორედ იმას გვკარნახობს, რომ სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ერეოდეს ბიზნესში. ინსტიტუტი კი თავისი პროფილიდან გამომდინარე არის კომერციული სტრუქტურა, თუმცა, ეს არ არის ბანკი, ან მშენებლობა, ან თუნდაც მაღაზია, რომელიც მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული. ეს არის კვლევითი ცენტრი, რომელიც მეან–გინეკოლოგიაში თავის სიტყვას ამბობს და სასწავლო პროცესში მონაწილეობს. რაც ყველაზე მთავარია, ჟორდანიას ინსტიტუტს საქართველოს დემოგრაფიული პრობლემის გადაწყვეტაშიც შეაქვს მცირედი წვლილი.
–„ჩვენ ყოველდღიურად ვითვლით ჩვენი ექიმების მკურნალობის შედეგად, რამდენი ბავშვი იბადება მანამდე უშვილო ოჯახებში. საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა რომ კატასტროფულია ეს ყველამ იცის. 2008 წლის მონაცემებით ჩვენი ძალისხმევით საქართველოს 840 ახალშობილი მოემატა. ანუ, დღეში 2,5–ზე მეტი ბავშვი იბადება. აქედან გამომდინარე, ჩვენმა ინსტიტუტმა 2–3 თვე რომ არ იმუშაოს, ეს იმას ნიშნავს, რომ 300–ზე მეტი ბავშვი არ დაიბადება. თუნდაც იმის გამოა ჩვენი მუშაობის შეწყვეტა დაუშვებელი.
გარდა ამისა, ჩვენთან არის თსუ–ს მეანობა–გინეკოლოგის სამკურნალო ბაზა და მუდმივად არიან სტუდენტები. სრულიად დაუშვებელია სტუდენტების სწავლის პროცესიის შეწყვეტა. გარდა ამისა, ინსტიტუტს საერთაშორისო რეპუტაცია აქვს, უკვე 28 წელია ჩვენ გახლავართ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის სათანამშრომლო ცენტრი – პრაქტიკულად ჟენევის ფილიალი. მათთვის იმის შეტყობინება, რომ ინსტიტუტი დროებით შეწყვეტს ფუნქციობას კატასტროფის ტოლფასია“, – ამბობს არჩილ ხომასურიძე.
ჟორდანიას კლინიკის თანამშრომლები მუშაობის შეწყვეტაზე არც ფიქრობენ, მაგრამ ამ თემაზე საუბარი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ინსტიტუტის თანამშრომლებმა მათთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, 7 თვის განმავლობაში, ინვესტორი ვალდებული იქნება მედპერსონალი შენობაში დატოვოს და ხელი არ შეუშალოს მუშაობაში, ხოლო შემდეგ, ინსტიტუტი სხვა ფართსი უნდა გადავიდეს. ეს ის მაქსიმუმია, რაც ხელისუფლებამ ინსტიტუტის თანამშრომლებისთვის გააკეთა.
შესაძლოა საკამათოა, უნდა დაეხმაროს თუ არა ხელისუფლება ინსტიტუტს, მითუმეტეს, რომელიც წარმატებულად თვლის თავს. ლოგიკურია თუ წარმატებული ხარ თავად შეინახე თავი, მაგრამ თუ ვსაუბრობთ მეცნიერების ხელშეწყობაზე, მაშინ იმაზეც უნდა ვისაუბროთ ღირს თუ არა 2–3 მლნ–ის გამო ინსტიტუტს განვითარებაში ხელი შევუშალოთ, ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ ამ სფეროთი დაინტერესებული ინვესტორები გამოჩნდებიან.
მოკლედ, ინსტიტუტის თანამშრომლები დილემის წინაშე დგანან. ვერ გადაუწყვეტიათ რაზე გააკეთონ არჩევანი – გადავიდნენ დიღომში რკინიგზის საავადმყოფოში მათთვის გამოყოფილ ფართში და იქ განაგრძონ საქმიანობა, თუ თევდორე მღვდლის ქუჩაზე ფრიდონ თოდუას კლინიკას მიაშურონ.
ეს ორი ალტერნატივაა, რაც ინსტიტუტმა ჟორდანიას შენობის სანაცვლოდ მიიღეს. ალტერნატივას ვამბობთ, თორემ რამდენად შიძლება ალტერნატივა ეწოდოს ფართებს, სადაც სამუშაოდ არავითარი პირობები არ არსებობს, ეს კიდევ საკითხავია. ერთ–ერთი მათგანი კი, საერთოდ კერძო საკუთრებაა და სახელმწიფოს მხრიდან მისი ალტერნატივად განხილვა რას ნიშნავს საერთოდ, გაუგებარია.
–„ჟორდანიას ინსტიტუტი ლიკვიდირებული არ არის, მაგრამ პრესაში ამ სახის ინფორმაცია გავრცელდა, რამაც პაციენტების მცირე, მაგრამ ნაწილი დააფრთხო. ამას ჩვენ არ დავუშვებთ, მაგრამ სად და როგორ იარსებებს ინსტიტუტი ესაა გაურკვეველი. ჯერ ერთი, 7 თვე მცირე ვადაა იმისთვის, რომ აქედან გადასვლა შევძლოთ. ამიტომ, თუ ინვესტორის სურვილი იქნება და ერთად ვიმუშავებთ, ისე, რომ პროფილს არ შეგვცვლიან, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება ჩვენთვის. თუ არა და ადამიანური საშუალება მოგვცენ იმისთვის, რომ ადამიანურად გადასვლა შევძლოთ.
რკინიგზის სააავადმყოფოს შენობაში 2000 კვ/მ დაგვითმეს, სადაც ამჟამად რემონტი მიმდინარეობს და არავინ იცის როდის დასრულდება. გარდა ამისა, პრობლემას ქმნის ისიც, რომ ფართი კოლექტივმა უნდა შეიძინოს საკუთარი სახსრებით – 1კვ/მ 300 დოლარად. ანუ 600 ათას დოლარად. ეს თანხა ჩვენ არ გვაქვს, ამიტომ ასეთი ალტერნატივა რამდენად მისაღებია ვერ გეტყვით.
მეორე ალტერნატივა თევდორე მღვდლის ქ N13 –ში მდებარეობს, ფრიდონ თოდუას კლინიკის ბოლო ორ სართულზე, რომელსაც კედლებიც კი არ აქვს. მშვენიერი ადგილია და სიამოვნებით გადავიდოდით, მაგრამ გარემონტებას 1 მლნ დოლარი სჭირდება. თუ სახელმწიფო დაგვეხმარება ორგანიზაციულ საკითხებში და შეღავათებს გაგვიკეთებს კარგი იქნება“, – ამბობს ხომასურიძე.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ აღნიშნული ფართი თავად ხომასურიძის საკუთრებაა, რომელიც მისი თქმით თავად შეიძინა 1 მლნ დოლარად, ამიტომ, ალბათ, უადგილოა, როცა სახელმწიფო ინსტიტუტს ამ ფართს თავად სთავაზობს, მითუმეტეს, რომ თავად, თუნდაც გასარემონტებლად დახმარების სურვილიც არ გააჩნია.
კიდევ ერთი –ინსტიტუტი რომ თანამშრომლების საკუთრება იყოს, ალბათ სახელმწიფოს მიმართ თხოვნაც ვერ ექნებოდათ, მაგრამ რატომღაც ხელისუფლებას საკუთარი წილის დათმობაც არ სურს.
–„ბევრჯერ იყო საკითხი დასმული წილის გამოსყიდვაზე. პოლოლოკაშვილის დროს, გვქონდა საუბარი, რომ სახელმწიფოს პირდაპირი მიყიდვის წესით გადმოეცა ქონება კოლექტივისთვის. თითქოს გადაწყდა, რომ 1,7 მლნ დოლარად დაგვითმობდნენ ქონებას და ინვესტორების ძებნაც დავიწყე. თუმცა, ამას გარკვეული დრო სჭირდებოდა და ამასობაში, ერთ მშვენიერ დღეს, გადაწყვეტილება შეიცვალა და ქონება აუქციონზე გავიდა.
რაც შეეხება თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ფართს, 3 წლის წინ კახა ბენდუქიძემ პირადად მე შემომთავაზა მისი ყიდვა, მაგრამ მაშინ უარი ვთქვი. მან მითხრა, რომ 70 ათას ლარად შემიფასებდა ქონებას. იქედან წამოვედი და კოლექტივს ვკითხე შევძლებდით თუ არა თანხის შეგროვებას. მათგან თანხმობა მივიღე, მაგრამ როდესაც პასუხისთვის უკან მივბრუნდი, ბენდუქიძემ მითხრა, რომ ქონება უკვე გაძვირებული იყო და 1 მეტრი 100 დოლარი ღირდა.
ჯერ ხელები გავასავსავე, ვერ შევწვდებით–თქო, მაგრამ შემდეგ სრულიად შემთხვევით, მეგობარმა მასესხა ფული და ვიყიდე, ის რასაც დღეს ალტერნატივას უწოდებენ. ჯერ ერთი, ის ჩონჩხია და მეორე – ის ჩემი საკუთრებაა და როგორ არის ალტერნატივა?“ – ამბობს ხომასურიძე და დასძენს, რომ თუ სხვა გამოსავალი არ იქნება ინსტიტუტს იქ გადაიყვანს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფართის გასარემონტებლად ერთი მილიონია საჭირო.
ამ მდგომარეობაშია დღეს ჟორდანიას რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრი, რომელიც 1958 წელს დაარსდა პროფესორ ჟორდანიას მიერ. დღეს იგი ერთ–ერთი კარგად განვითარებადი დარგია, რადგან რეპროდუქციულ მედიცინაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. ამიტომ თვლიან ინსტიტუტის თანამშრომლები, რომ საქართველოს სამედიცინო ტურიზმის განვითარების რეალური შანსები აქვს.
ინსტიტუტის მონაცემებით კლინიკის პაციენტებს შორის უცხოელებს 10-12% უკავია, რომლის გაზრდა 75%-მდე შეიძლება იმ შემთხვევაში, თუკი ინსტიტუტს თანამედროვე შენობა ექნება სასტუმროთი და პალატებით, სადაც ერთი დღე-ღამის გატარება 200 დოლარი ეღირება.
–„ასეთ შემთხვევაში ჩვენთან პაციენტები არა მხოლოდ დსთ-დან, ევროპიდან და ამერიკიდან, არამედ, მაგალითად, საუდის არაბეთიდანაც ჩამოვლენ, რომლებიც სამედიცინო მომსახურების გარდა, მაღალი დონის კომფორტსაც ითხოვენ. ეს ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმს განავითარებს და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებსაც გაზრდის.
ასეთ შემთხვევაში მოთხოვნა ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ბევრად გაიზრდება, რადგან ამ ქვეყნებში რეპროდუქციული სამედიცინო მომსახურება კანონით შეზღუდულია და, თანაც, იქ ადამიანებს ძალიან ბევრი ფული აქვთ,“ - აცხადებს არჩილ ხომასურიძე.