ცნობილი ინგლისელი მომღერალი ჯორჯ მაიკლი ამ დღეებში ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმყოფება. ორი დღის წინ მუსიკოსს კონცერტი უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ სცენაზე გასვლამდე ორი საათით ადრე თავი შეუძლოდ იგრძნო.
გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მომღერალი დაუყოვნებლივ ვენის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. რასაკვირველია დაგეგმილი კონცერტი ჩაიშალა და ის 2012 წლის მარტში გაიმართება.
ავსტრიელმა ექიმებმა ჯორჯ მაიკლს გულის უკმარისობა და პნევმონია დაუდგინეს. ამჟამად მომღერალი გაძლიერებული თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. მუსიკოსის ახლობლების მტკიცებით, ის თავს უკეთ გრძნობს, თუმცა საავადმყოფოში დარჩენა რამდენიმე დღის განმავლობაში მოუწევს.
მოულოდნელი ავადმყოფობის გამო ჯორჯ მაიკლს ევროპული საგასტროლო ტურნეს გაუქმება მოუხდა. მომღერალს კონცერტები შემდეგ ქალაქებში უნდა ჩაეტარებინა: სტრასბურგი, კარდიფი, ლივერპული, გლაზგო, ბირმინგემი, მანჩესტერი და ლონდონი.
გეორგიუს კირიაკოს პანაიოტოუ (ჯორჯ მაიკლის ნამდვილი სახელი) 1963 წლის 25 ივნისს ლონდონში დაიბადა. მუსიკალური კარიერა 1981 წელს დაიწყო, როდესაც მეგობრებთან ერთად ჯგუფი “The Executives” ჩამოაყალიბა. პირველი სოლო ალბომი “Faith” 1987 წელს ჩაწერა. ამ ნამუშევარმა აშშ-ის მუსიკალური დისკების წლის ჰიტ-პარადში პირველი ადგილი დაიკავა.