მულატი გურული

მულატი გურული

თითოეულ სპექტაკლს ან კინოფილმს საკუთარი „პირადი“ ცხოვრება გააჩნია, რომელიც მხოლოდ მსახიობებისათვის არის ცნობილი. ამ პროფესიის ადამიანები ერთ დიდ საქმეს ემსახურებიან. ისინი ხშირად ხუმრობენ და ერთმანეთს სხვადასხვა სიურპრიზებს უწყობენ. ისიც ხშირად ყოფილა, რომ ცხოვრება მათ სხვადასხვა მოულოდნელობებით აჯილდოვებს. დღევანდელ წერილში ტრადიციულად რამდენიმე სახალისო ისტორიას გავიხსენებთ.

 

ანსამბლი “ორერას” წევრი გენო ნადირაშვილი ერთ შემთხვევას ხშირად იგონებდა:

 

“კინოფილმ “ორერა სრული სვლით” რომ ვიღებდით, ჩვენი გემი რომელიღაც კუნძულს მიადგა. ორი კვირის განმავლობაში ზღვაში ვიმყოფებოდით.

 

- ნაპირზე არავინ გადავა! – მკაცრად გაგვაფრთხილა გემის კაპიტანმა, - ვინც გაბედავს, დაისჯება.

 

რომ შეღამდა, ცხონებულ რობერტ ბარძიმაშვილს გავენდე, - გავიპაროთ, ვინ რას მიხვდება-მეთქი? რობერტს ქეიფი იმდენად არ აინტერესებდა, რამდენადაც უცხო ხალხის გაცნობა და მათი მელოდიების ჩაწერა. ოთხი ბოთლი “ხვანჭკარით” მოვისყიდეთ ვახტიორი ვახტანგი, რომელმაც გვთხოვა, დილის 5 საათამდე გემზე იყავით, თორემ, მეც მომხსნიან და თქვენც მოგხსნიან გემიდანო.

 

გავცურეთ მე და რობერტმა ნაპირზე. “ოტელ-ტაიტიში” მივედით. ოფიციანტმა მაგიდასთან მიგვიყვანა, დავსხედით.

 

- “დვა ვისკი” – ორი თითის აწევით ვანიშნე ოფიციანტს. გატრიალდა მულატი ოფიციანტი, ნახევარ საათში სუფრა გაგვიწყო. ორი მომცრო ჭიქა მოგვიტანა, თითო ყლუპი ვისკი და საშუალო ასაკს გადაცილებული ორი უდღეური კიბორჩხალა.

 

- ჩქარა, ორი ბოთლი ვისკი მოათრიე და ხეირიანი ხინკალი, თუ არა და გავგიჟდი ახლა-მეთქი, - ვუკივლე მიმტანს.

 

თავდაპირველად უარზე გახლდათ, მაგრამ შემდეგ ასდოლარიანი ჩავუკუჭე ჯიბეში. ამოიღო, დახედა და სუფთა ნასაკირალელი გურულის კილოთი მითხრა:

 

- აი, ნამდვილია?

- მაი კია ნამდვილი, მარა, შენ რამ მოგიყვანა აქ, შე მადლიანო, შენა, ხვიჩა ხარ თუ გოჩა-მეთქი?

- კი, ნამდვილად გოჩა მქვია, მამაჩემი გადარჩა ჩაძირული გემიდან და დასახლდა აქ. დედა ალჟირელი მყავს და დეიდებიც.

 

მოგვიტანა ორი ბოთლი ვისკი. დავაჯახეთ ჩაის ჭიქები მე და რობერტმა და ამის დანახვაზე ატყდა ოვაცია დარბაზში. მთელი ევროპა-აზია ტაშს გვიკრავდა, ჩაის ჭიქებით სვამენ ვისკისო. მერე დაგვიახლოვდნენ, ვიმღერეთ და ვიცეკვეთ. გემზე დაბრუნების დრო რომ მოვიდა ჩვენს ნავში ჩავსხედით და წავედით. ვერ გველევიან. ასე არ უნდაო, გაიტენა სამი ნავი და მიგვაცილეს გემამდე. შემდეგ გემბანზეც ამოვიდნენ და “ვივა, ვივას” ძახილში დაგვათენდა ჩვენი გემის რესტორანში.

 

მასპინძლები დაგვემშვიდობნენ და ნაპირზე დაბრუნდნენ.

 

- საქართველოს და გურიას გადეეცით, ჩემი სალამი, ძამა! – ხელი დაგვიქნია ტაიტელმა მულატმა გურულმა და ჩვენი გემიც დაიძრა”.

 

მსახიობ დათო ცხვარაძეს ერთი კურიოზის გახსენება ძალიან უყვარს.

 

“სერიალ “27 დრაკონს” რომ ვიღებდით, რამდენიმე ეპიზოდის გადაღება ავჭალის ქალთა კოლონიაში მოგვიხდა. იმ საღამოს ზურა ყიფშიძესთან ერთად ციხიდან გაქცევის სცენა უნდა გადაგვეღო. ზურა ყოველთვის ადრე ცხადდებოდა ხოლმე, როგორც ჭეშმარიტ მსახიობებს სჩვევიათ.

 

იმ საღამოსაც ადრე მოსულა, ჩაუცვამს როლის შესაფერისად ჩამოხეულ-ჩამოკონკილი ტანსაცმელი, ცოტა გრიმიც მიუხატავს და მზადაა.

 

მსოფლიო ჩემპიონატია ფეხბურთში და კოლონიის დარაჯის პატარა ჯიხურში რამდენიმე კაცი ტელევიზორში იმ დღის მატჩს უყურებს. ზურაც შესულა ფეხაკრეფით, ჩამომჯდარა კუთხეში შეძველებულ სკამზე და უყურებს ტელევიზორს.

 

ეს მომენტია და მეც მივედი. მანქანა დარდიმანდულად გავაჩერე. გადმოვედი. სამსახურიდან მოვდიოდი ჩაჰალსტუხებული. როგორც ყველა დარაჯი, კოლონიის დარაჯიც გვარიანად ჩაბუჟბუჟებულია. გამომეგება გარეთ, თავდახრილი მომეახლა, ჩამოვართვი ხელი. კაცი გაიბადრა.

 

- აქეთ მობრძანდით, უფროსო, მეპატიჟება ჯიხურში. შევყევი, წამოიწიეს სკამებიდან იქ მყოფებმა. დარაჯმა სასწრაფოდ მოათვალიერა ყველა და “დაბალი ღობე”, ჩამოხეულ-ჩამოკონკილი ზურა გაიმეტა:

 

- ვინაა ეს შობელძაღლი! – როდის შემოიპარა, ნეტა ჯიხურში?!

- ზურა რის ზურა იყო, ეს არ გამოეყენებინა? “დაპატარავდა” და საცოდავად ააკვარკვარა თვალები.

- აა, უყურე, ახლა მაგას! – გადაირია დარაჯი. – ვითომ არ გაუგონია. ადე, შე ლაწირაკო და დასვი ეს პატიოსანი კაცი! – წამოკრა თავში ხელი.

 

ზურა “სლუკუნით” გავარდა ჯიხურიდან. დარაჯმა სკამი სახელოთი გაწმინდა და დაბრძანდით, უფროსოო, შემომთავაზა. გამეცინა და დავჯექი. ამის მერეც დამიწყებს ზურა ყიფშიძე, შენზე მეტად პოპულარული ვარო?!”

 

ამ ისტორიას კი მსახიობი თენგიზ გიორგაძე იგონებს.

 

“ჩვენს თეატრში მსახიობებს იმპროვიზაციის უფლება არ გვქონდა და თუ სცენაზე რამე უკანონოს მოვიმოქმედებდით, დირექციის რისხვა არ აგვცდებოდა. მაგრამ ჩვენი არტისტები მაინც ცდილობდნენ ერთმანეთის “გაფუჭებას”, გაცინებას, მდგომარეობიდან გამოყვანას. ვინც სცენაზე მდგარა, იცის, რა მუღამი აქვს ამ გაჩალიჩებებს.

 

ამ საქმის გამორჩეული დიდოსტატები ბორია წიფურია და რამაზ ჩხიკვაძე იყვნენ.

 

ერთხელ, საბრალდებო დასკვნაზე ბორის წიფურიას გმირი ეკითხება ნაკაშიძეს (ანუ მოსამართლე ბრალდებულს):

 

– სახელი გერქმევა შენ, არ უნდა ამას ლაპარაკი.

- ზაზა მქვია.

-  რა გვარი ხარ?

- ნაკაშიძე.

- მერი ნაკაშიძე რა არის შენი?

 

და აქ მოხდა ისეთი რამ, რაც არასოდეს მომხდარა. ყველა, ვინც სცენაზე ოყო, კი არ იცინოდა, ღმუოდა. მაყურებელი ხომ ხარხარებდა და ხარხარებდა. ისეთი ამბავი ატყდა, რომ ტექრეჟისორმა ფარდა დააშვებინა. მაგრამ იცოდნენ, ბორიას გამოსწორებას მაინც ვერ მოახერხებდნენ და აპატიეს”.

 

მსახიობი იური ვასაძე ფილმის “ნეილონის ნაძვის ხე” გადაღების მიმდინარეობას დღემდე ემოციების გარეშე ვერ იხსენებს. თურმე მაშინ ისეთი ამბები დატრიალებულა, რომ მსახიობების ჯანმრთელობას დიდი საფრთხე დაემუქრა.

 

“მხატვრულ სურათს “ნეილონის ნაძვის ხე” ვიღებთ. სიუჟეტით ამბავი 31 დეკემბერს, ახალი წლის წინა დღეს ხდება. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ამბავს (დეკემბერს) ვიღებთ მაისის თვეში. 6 მაისს ცხელა, ვიხოცებით სიცხით.

 

ნისლი იყო საჭირო და დაიქირავეს რუსების სამხედრო “გრუზავიკი”, ბოლი – ნისლისთვის.

 

რუსი რა ხეირს დაგაყრიდა, გაუშვეს ეს ბოლი და ოთხჯერ გამოიძახეს გადაღების დროს სასწრაფო. მე კინაღამ წერილი წავიღე, ასთმა მქონდა. ედიშერ მაღალაშვილი კი მოიწამლა ამ ბოლით და ორი თვე იწვა. რამდენიმე მსახიობი დღესაც ახველებს იმ მიზეზით”.