“Elbow” ოლიმპიური თამაშებისათვის ემზადება

“Elbow” ოლიმპიური თამაშებისათვის ემზადება

ბრიტანული მას-მედიის ცნობით, პოპულარული ჯგუფი “Elbow” 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშებისათვის სპეციალურ საუნდტრეკს ჩაწერს. ეს მუსიკალური კომპოზიცია სპორტული შეჯიბრებების სატელევიზიო რეპორტაჟების დროს აჟღერდება.

 

რამდენიმე დღის წინ ჯგუფის წევრებმა ტელე-რადიო კომპანია “ბი-ბი-სი”-სთან ხელშეკრულება გააფორმეს.

 

“Elbow”-ის ვოკალისტმა, 2008 წლის “Mercury Prize”-ს საპატიო ჯილდოს მფლობელმა გაი ჰარვიმ განაცხადა, რომ ჯგუფის წევრები “ბი-ბი-სი”-ს შემოთავაზებას დიდი სიხარულით შეხვდნენ და ახალი კომპოზიციის ჩაწერას უახლოეს თვეებში დაიწყებენ.

 

“Elbow”-სთან თანამშრომლობა იმ ტრადიციის გაგრძელებაა, რომელიც ბრიტანულმა ტელე-რადიო კომპანიამ 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების დროს წამოიწყო. მაშინ “ბი-ბი-სი”-ს მიერ გადაცემულ სპორტულ რეპორტაჟებს წინ უძღოდა პროექტი “Gorillaz”-ს დამაარსებლების დეიმონ ალბარნისა და ჯეიმი ჰიულეტის მიერ შექმნილი საუნდტრეკი.

 

ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშები 27 ივლისს დაიწყება.

 

უკვე ცნობილია, რომ მის გახსნა-დახურვის ცერემონიალში მონაწილეობას  მიიღებენ: “Spice Girls”, “Girls Aloud”, “Coldplay”, “Muse” და სერ პოლ მაკარტნი.