რამდენიმე დღის წინ შვედური როკ-ჯგუფის “In Flames” ბოლო სტუდიურმა ნაშრომმა “Sounds Of A Playground Fading” “ოქროს დისკის” სტატუსი მიიღო.
ეს ალბომი გაყიდვაში მიმდინარე წლის 15 ივნისს გამოვიდა და დღემდე სკანდინავიის ქვეყნებში მისი 80 ათასი ცალი გაიყიდა.
“Sounds Of A Playground Fading” შვედური ჯგუფის რიგით მეათე სტუდიური ჩანაწერია. ამ ალბომის მომზადების სამუშაო პროცესში მონაწილეობას არ იღებდა მისი ლიდერი ჯასპერ სტრემბლადი, რომელმაც “In Flames” 2010 წლის თებერვალში დატოვა.
ეს ჩანაწერი შვედეთში ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ როკ ალბომად დაასახელეს. ამ ნამუშევარმა ადგილობრივი მუსიკალური კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.
დისკი გამოსვლისთანავე ევროპის მთელი რიგი ქვეყნების ჰიტ-პარადების სათავეში მოექცა. გერმანული მუსიკალური ალბომების ჩართებს ერთი კვირა ლიდერობდა, შვედეთში ორი კვირა, ავსტრიაში 6 კვირა და ნორვეგიაში 10 კვირა.
ამერიკული გამოცემა “Billboard 200”-ის რეიტინგში, შვედი მუსიკოსების ბოლო ნამუშევარი 27-ე პოზიციაზე გავიდა.