გუშინ შესრულდა ჯგუფი “Queen”-ის ლეგენდარული ვოკალისტის ფრედი მერკურის გარდაცვალებიდან ოცი წელი.
ფრედი მერკური (ნამდვილი სახელი ფარუხ ბულსარა) 1946 წლის 5 სექტემბერს ინდოეთის ქალაქ ზანზიბარში დაიბადა. დაწყებითი განათლება ქალაქ პანჩგინში მიიღო. 1964 წელს მისი მშობლები დიდ ბრიტანეთში გადასახლდნენ. მუსიკალური კარიერა ფრედი მერკურიმ 1969 წელს დაიწყო.
“Queen”-თან ერთად 15 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებეული. ამათგან უკანასკნელმა, “Made in Heaven” დღის სინათლე 1995 წლის ნოემბერში იხილა, მუსიკოსის გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ. მერკური 1991 წლის 24 ნოემბერს ქალაქ ლონდონში გარდაიცვალა.
უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში მსოფლიო მუსიკალურ მას-მედიაში ფრედი მერკურის სახელმა რამდენჯერმე გაიჟღერა.
რამდენიმე კვირის წინ ჯგუფი “Queen”-ის ლეგენდარული ვოკალისტი “Asian Awards”-ის ერთ-ერთი მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა.
მუსიკოსი დაჯილდოვდა მსოფლიო კულტურის განვითარებაში გაწეული დიდი ღვაწლისათვის. ამ პრიზის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს ლონდონში გაიმართა. მას ესწრებოდნენ მერკურის ოჯახის წევრები და “Queen”-ის გიტარისტი ბრაიან მეი.
ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი “Queen” უახლოეს რამდენიმე თვეში ახალ ალბომს გამოუშვებს. მასში წარმოდგენილი იქნება წინა საუკუნის 80-იან წლებში ჩაწერილი დღემდე უცნობი კომპოზიციები.
“Queen”-ის წევრები ბრაიან მეი და როჯერ ტეილორი ამჟამად ძველ საარქივო მასალას იკვლევენ. გამოუქვეყნებელი ზღვა მასალიდან მუსიკოსები ახალი ალბომისათვის რამდენიმე კომპოზიციას შეარჩევენ. ჯგუფის თაყვანისმცემლებს ლეგენდარული ფრედი მერკურის კიდევ ერთხელ მოსმენის შესაძლებლობა მიეცემათ.
ახალი დისკის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ ის დღის სინათლეს 2012 წლის გაზაფხულზე იხილავს.
ფრედი მერკურის სიცოცხლეში ჯგუფის ბოლო ალბომი “Innuendo” 1991 წლის თებერვლით არის დათარიღებული.