მიმდინარე წლის 24 მაისს ცნობილ ამერიკელ მომღერალ ბობ დილანს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა.
გამოცემა “New Musical Express”-ის ინფორმაციით ამ თარიღთან დაკავშირებით, 2012 წლის 22 იანვარს სპეციალური ალბომი გამოიცემა. მისი სახელწოდებაა “Chimes Of Freedom: Songs Of Bob Dylan Honoring 50 Years Of Amnesty International”.
ამ ნამუშევარში 75 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი. 70 მათგანი წარმოადგენს ბობ დილანის ცნობილ ჰიტებს. მათ ქოუვერ-ვერსიებს ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლები ასრულებენ. 5 კომპოზიცია დილანის არქივიდან არის ამოღებული.
რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დილანის კომპოზიციები პატი სმიტს, სტინგს, ადელს, კეშასა და ჯგუფ “Dave Matthews Band”-ს უნდა შეესრულებინა.
ზემოთ დასახელებულ მუსიკოსებს ელვის კოსტელო, პიტ ტაუნდსენი, მარკ კნოფლერი, მაილი საირუსი, ბრაიან ფერი, შინედ ო’კონორი, აგრეთვე ჯგუფები “Queens Of The Stone Age”, “Bad Religion”, “My Chemical Romance”, “Maroon 5” და “Cage The Elephant” დაემატათ.
ეს საიუბილეო გამოცემა ოთხი დისკის სახით იქნება წარმოდგენილი. ამ ალბომის გაყიდვისაგან შემოსული სრული თანხა ორგანიზაცია “Amnesty International”-ს გადაეცემა. მან საქმიანობა 1962 წელს დაიწყო. იმავე წელს დღის სინათლე იხილა ბობ დილანის სადებიუტო ალბომმა “Bob Dylan”.