ბიძინა ივანიშვილმა სოფელ დვანში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა

ბიძინა ივანიშვილმა სოფელ დვანში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სოფელ დვანში შექმნილი ვითარების საკითხი საქართველოს მთავრობამ "მაქსიმალურად ასწია".

როგორც ივანიშვილმა ქარელის რაიონის სოფელ დვანში მავთულხლართების გაბმის განახლების კომენტირებისას განუცხადა, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა საქმის კურსში მაქსიმალურად ჩაეყენებინა.

"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საქმის კურსში ჩაგვეყენებინა. ეზოდან გაყავთ ზოგიერთი მოქალაქე. 2-3 დღის განმავლობაში ხდება მათი დაკავება და შემდეგ ათავისუფლებენ. რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია. ჩვენ მაქსიმალურად ავწიეთ ეს თემა და ამას გავაგრძელებთ, მაგრამ არ მინდა, რომ ისტერიკაში ჩავვარდეთ და გავაკეთოთ უფრო მკაცრი განცხადებები", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, ბოლომდე უნდა გაირკვეს, "ვის უნდა ეს" და იქვე დასძინა, რომ აღნიშნული რუსეთის ინტერესებში არ შედის.

"ეს არ ჯდება თავად რუსეთის ინტერესებში იმის შემდეგ, რაც ჩვენ გადავდგით გარკვეული ნაბიჯები სავაჭრო ურთიერთობის დალაგებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, იგრძნობა ბევრი პოზიტიური ქმედება – მუდმივი რეისები შეიძლება დაინიშნოს. ვიზის გაიოლებასა და გაუქმებაზეა საუბარი. ამის პარალელურ რეჟიმში კი, ასეთი პროცესების მიმდინარეობა აბსოლუტურად გაუგებარია და ბევრ კითხვას ბადებს", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.