ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ, რომელიც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის წესს ეხება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ილიას უნივერსიტეტის წინ სტუდენტების აქცია გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ერთ-ერთმა სტუდენტმა შოთა ჯაბუამ განაცხადა, დროებითი რექტორის დანიშვნის უფლება პრემიერ-მინისტრს არ უნდა მიენიჭოს.
"პროფესიონალებმა უნდა მართონ უნივერსიტეტი და მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები", - აღნიშნა სტუდენტმა.
მისივე განცხადებით, დროებითი რექტორის დანიშვნაც უნდა მოახდინოს აკადემიურმა საბჭომ და უნივერსიტეტს არ უნდა შეეზღუდოს ავტონომია.
ილიას უნივერსიტეტის წინ მიმდინარე აქციაზე ორმოცდაათამდე სტუდენტია შეკრებილი. მათ ხელში უჭირავთ პლაკატები წარწერით: " ნუ მიიღებთ კანონს ჩვენზე უჩვენოთ", "გაითვალისწინეთ ჩემი აზრი", "უნივერსიტეტის სტუდენტებს ავტონომია", "უნივერსიტეტის სტუდენტებს გვაქვს უფლება ვიცოდეთ", "მოგვისმინეთ", "გაითვალისწინეთ ჩვენი აზრი".