კონსტანტინე კუბლაშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ერთსულოვნებით დაიწყო

კონსტანტინე კუბლაშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ერთსულოვნებით დაიწყო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა აბსოლუტური ერთსულოვნებით დაიწყო და სამი მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას ყველამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კუბლაშვილმა განმარტა, რომ სამ მოსამართლეს, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა მიმდინარე თვეში უწყდებოდა, წარმოებაში არსებული საქმეების დასრულებამდე გაუგრძელდა ვადა.
კონსტანტინე კუბლაშვილის თქმით, დღეს საუბარი შეეხო ორ საკითხს - სასამართლოსადმი ნდობას და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას, რაზეც საბჭოს არამოსამართლე წევრებს, რომლებიც პარლამენტმა დანიშნა, განსხვავებული აზრი გააჩნდათ.

"მიუხედავად ამისა, მიზნები და პრინციპები ყველასათვის ერთია. დღეს სასამართლო ყველაზე ახლოს არის იმასთან, რომ სრულიად დამოუკიდებელი გახდეს. ბუნებრივია, გარკვეული პრობლემები არის. ერთ-ერთი პრობლემაა ის, რომ მოსამართლეები არ არიან უვადოდ დანიშნული. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ახალი მოსამართლეები უვადოდ დაინიშნონ, რაც არჩევნების შემდეგ მოხდება, მაგრამ ყველა მოქმედი მოსამართლე გადაინიშნოს უვადოდ", - განაცხადა კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტის მიერ დანიშნული წევრების შეფასება იყო, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა არ არსებობს.

"მათი თქმით, პრესაში იწერება, რომ სასამართლოს მდგომარეობა ასეთია და ნდობა არ არის, ჩვენ ამაში არ დავეთანხმეთ, რადგან არის ყვითელი პრესა, სადაც რაც არ უნდა კარგი სასამართლო გვქონდეს, მაინც ჰაერიდან მოტანილი სტატიები დაიწერება, როგორც ეს დღეს ხდება", - განაცხადა კუბლაშვილმა.

სხდომის შემდეგ, კომენტარი გააკეთა ვერა გოცირიძემ, რომელიც პარლამენტის მიერ არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია.

მისი თქმით, სასამართლოს ვალია, ყველა ღონე იხმაროს და სასამართლოსადმი ნდობა აღდგეს.

მან მოსამართლეთა უვადო დანიშვნაზეც დააფიქსირა ჟურნალისტებთან საკუთარი პოზიცია.

"უვადოდ მოსამართლის დანიშვნა ძალიან მნიშვნელოვანი გარანტიაა სასამართლოს დამოუკიდებლობის, თუმცა ამ ეტაპზე, ამ ცვლილებას არავითარ შემთხვევაში არ დავეთანხმებოდი, სწორედ იმიტომ, რომ არ არსებობს სასამართლოსადმი ნდობა. მოსამართლეთა კორპუსის სერიოზული ნაწილი, რომელმაც ხალხის ნდობა ვერ მოიპოვა, თუ ჩვენ სამუდამოდ გავამწესებთ, ეს ხელისშემშლელი იქნება. ერთი მხრივ, ეს იქნება ახალგაზრდების გზის გადაღობვა, მეორე მხრივ, რისკი იმისა, რომ მოსამართლეებს, რომლებმაც თავი ვერ გამოიჩინეს როგორც სამართლის მსახურებმა, იმის საშუალება მივცეთ, რომ სამუდამოდ გააგრძელონ საქმიანობა და ის უკანონობა, რომელიც საქართველოში არსებობდა", - განაცხადა ევა გოცირიძემ.
მისივე თქმით, მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხი დროებით უნდა გადაიდოს, ან ნაწილობრივ განხორციელდეს მხოლოდ უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეებზე, რომლებმაც კარიერის განმავლობაში საკუთარი პირუთვნელობა დაადასტურეს.