საქართველოს პატრიარქმა წიგნის კითხვისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პატრიარქმა წიგნის კითხვისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ყოველდღე უნდა ვიკითხოთ წიგნები და ბედნიერი ვიქნებით, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძრის ეზოში წიგნის კითხვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, წიგნი მხოლოდ შაბათს არ უნდა გაგვახსენდეს. უწმინდესმა ახალგაზრდებს ურჩია, რომ წაიკითხონ აკაკი წერეთლის მოთხრობა "მერცხლისა და ჭივჭავის ომი". პატრიარქმა ღონისძიების მონაწილეებს ამ მოთხრობის მოკლე შინაარსი მოუყვა. მისი თქმით, ცხოველებს, ფრინველებს და მცენარეებსაც კი თავისი საოცარი გონება აქვთ.

უწმინდესმა ასევე ბრძანა, რომ ხვალ სულიწმინდის გარდამოსვლის დღე და წმინდა სამების ტაძრის დღესასწაულია. მისივე ინფორმაციით, ხვალ აჭარის მთავრობის წევრები თბილისში ჩამოვლენ და წირვას დაესწრებიან. პატრიარქმა ასევე ბრძანა, რომ აჭარაში საოცრება ხდება, ინათლებიან გამუსულმანებული ქართველები და მისი აჭარაში სტუმრობის დროს 3 000 ადამიანი მოინათლა. ყველა მათგანი პატრიარქის ნათლულია. უწმინდესმა დამსწრე საზოგადოება დალოცა.

წიგნის კითხვის დღესთან დაკავშირებით სამების ტაძრის ეზოში სამკითხველო კარვები გაიშალა. ღონისძიება საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნისა" და წიგნების მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" ინიციატივით მოეწყო. ღონისძიების დაწყების წინ ახალგაზრდებმა ბიბლიიდან ერთი თავი წაიკითხეს, შემდეგ კი მწერალ გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება განიხილეს. მათ წაიკითხეს ამონარიდები მწერალის ნაწარმოებიდან "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა".

ამასთან, სამების ტაძრის ეზოში ღია ბიბლიოთეკა მოაწყო წიგნების მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა". გაიმართა კონკურსიც. კერძოდ, 50-მდე წიგნის მოყვარულს წასაკითხად დაურიგდა დოჩანაშვილის ნაწარმოები "მუსიკოსი". მოგვიანებით მათ აღნიშნული ნაწარმოები გააანალიზეს. გამარჯვებული ახალგაზრდები კი "ბიბლუსმა" გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნებით დააჯილდოვა.

ღონისძიების დასასრულს სუპერმარკეტების ქსელმა "სმარტმა" ღონისძიების მონაწილეებს ლანჩ-პაკეტები დაურიგა.

მომდევნო შაბათს წიგნის კითხვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გალაკტიონის შემოქმედებას დაეთმობა.