იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები პირველ სხდომას მართავენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები პირველ სხდომას მართავენ

ახლად არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები პირველ სხდომას მართავენ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო. როგორც სხდომის დაწყებამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე განიხილება რამდენიმე მოსამართლისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების საკითხი.

"საბჭო მუშაობას შეუდგა. ახალი წევრები 4 წლის ვადით არიან არჩეული. იმედი მაქვს, მომავალი 4 წლის განმავლობაში პარლამენტისა დ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრებს შორის კარგი თანამშრომლობა იქნება. ასევე იმედს გამოვთქვამ, რომ ახალ საბჭოსთან ითანამშრომლებს ყველა, ვინც მეტ-ნაკლებად არის ჩახედული მართლმსაჯულების სიტემაში. პირველ რიგში, ვგულისხმობ როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ღიად და გახსნილად ვითანამშრომლოთ მათთან ნებისმიერ საკითხზე. იმავეს ველოდებით მათი მხრიდან, მედიისგან და არასამთავრობოებისგან. ჩვენ მზად ვართ, მათთან ერთად ძალიან აქტიურად გავაგრძელოთ სასამართლო დამოუკიდებლობისთვის მუშაობა", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების საკითხი განიხილება.

"დღეს განვიხილავთ მოქმედი მოსამართლეების საქმეებს, ვისაც გაუვიდა 10- წლიანი ვადა. ჩვენ დღეს გადავწყვეტთ ვადის გაგრძელებას, ვიდრე არ განიხილავენ იმ საქმეებს, რომლებიც მათ აწერიათ", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.