ნიკა მელიამ

ნიკა მელიამ "ლა-ტრუფეს" ინციდენტში მონაწილე პირის ნარკოლოგიური შემოწმების ტესტი ჟურნალისტებს წარუდგინა

ძველი თბილისის გამგებელმა ნიკა მელიამ რესტორან "ლა-ტრუფეს" ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირის ბექა მაზიაშვილის ნარკოლოგიური შემოწმების ტესტი ჟურნალისტებს წარუდგინა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იგი ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელია.

როგორც ნიკა მელიას ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განაცხადა, ბექა მაზიაშვილი ჩვენებას აძლევა ნიკა მელიას წინააღმდეგ და აცხადებს, რომ გამგებელი მას ხელით შეეხო.

მისივე ინფორმაციით, 15 ივნისს, მაზიაშვილი ნარკოტიკული ნივთიერებების დიდი რაოდენობით შეძენა-შენახვა მოხმარებისთვის დააკავეს, რაც 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა, ადვოკატის ინფორმაციით, მაზიაშვილი პირობითით გაათავისუფლეს.

"პროკურატურას ბექა მაზიაშვილი სჭირდება ნიკა მელიას წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ არ დააპატიმრეს" , – აღნიშნა გოგიტა გაბაიძემ.

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან "ლა ტრუფეში" "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებსა და კლუბში მყოფ რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება 11 მაისს მოხდა.