"შსს მიერ აღმოჩენილ ფირებზე ასახული დანაშაული იმ აისბერგის ქვედა ნაწილია, რომელზეც სააკაშვილის ხელისუფლება იდგა"

პარლამენტის ადამიანთა უფლებათა კომიტეტის მოადგილის გედევან ფიოფხაძის განცხადებით, შსს მიერ აღმოჩენილ ფირებზე ასახული დანაშაული იმ აისბერგის ქვედა ნაწილია, რომელზეც სააკაშვილის ხელისუფლება იდგა.

ამის შესახებ ფოფხაძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, აღნიშნული დანაშაული სისტემურ ხასიათს არ ატარებდა.

"თუ არ იქნებოდა პოლიტიკური ნება, ასეთი რამ ვერ მოხდებოდა. წარმოიდგინეთ რა მაშტაბებზეა საუბარი, ერთ ადამიანზეც რომ აიღოს ვინმემ კონტროლი, ესეც კი შეიძლება, გამომჟღავნდეს. ამ ადამიანებს არანაირი შიში არ ჰქონდათ, რომ რომელიმე უწყება პრობლემას შეუქმნიდა. ისინი დანაშაულს ჩადიოდნენ ხანგრძლივად, სახელმწიფო ხარჯის და სახელმწიფოს მიერ შეძენილი ტექნიკური საშუალებებით. მთელი სტრუქტურა იყო შექმნილი, რომელიც ადამიანების ცხოვრებას აკონტროლებდა. ასეთი სტრუქტურის შექმნა სისტემური მხარდაჭერის გარეშე თეორიულად გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ეს შეფასება არაადეკვატურია. ამაზე მთელი პოლიტიკური სისტემა მუშაობდა, ეს სჭირდებოდათ ხელისუფლების შესანარჩუნებლად, არჩევნებზე პროცენტებისთვის, რათა ვიღაცას ვერ გაებედა, რომ კრიტიკული აზრი გამოეთქვა. როგორ შეიძლება, ეს ჩაითვალოს ცალკეულ რეციდივად, რომელსაც "გულუბრყვილო და მაღალზნეობრივი" ხელისუფლება გამორიცხავდა. ეს იყო აისბერგის ქვედა ნაწილი, რომელზეც სააკაშვილის ხელისუფლება იდგა", - განაცხადა ფოფხაძემ.

მისივე თქმით, ეს იძლევა საფუძველს, რომ რეჟიმმა სამართლებრივი შეფასება მიიღოს, რაც შესაძლოა, კონკრეტული პოლიტიკური ძალის საქმიანობის შეზღუდვაში გამოიხატოს.