რუსი ექსპერტი: ესაა პროდუქტი უფროსი თაობისთვის
რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშჩენკოს განცხადებით, რუსეთის მაღაზიებში ქართული ღვინის შეძენა უკვე 20 ივნისიდან გახდება შესაძლებელი. ერთი ბოთლი ღვინის ფასი დაახლოებით 350 რუბლი იქნება. ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ქართული ღვინო ყველაზე დიდ პოპულარობას უფროსი ასაკის მომხმარებელში მოიპოვებს.
რუსული ბაზრისთვის პროდუქციის მიწოდების უფლება 69 საწარმომ მიიღო. ამისთვის მათ მოუხდათ „როსპოტრებნადზორის“ ექსპერტიზის გავლა. პირველ კვირას საქართველო გეგმავს 150 ათასი ბოთლის ტრანსპორტირებას. რუსეთის ეროვნული ალკოჰოლური პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელის პაველ შაპკინის განცხადებით, ქართული ღვინის დაბრუნება წარმატებული იქნება.
„ვფიქრობ, რუსი მომხმარებლის ინტერესი ქართული ღვინისადმი საკმაოდ მაღალი იქნება. პირველ რიგში, მართლაც მაღალი ხარისხის ღვინო იქნება მოწოდებული, მით უმეტეს, რომ „როსპოტრებნადზორი“ აქტიურად იყო დაკავებული არა მხოლოდ ამ ღვინოების დაბლოკვით 2006 წელს, არამედ უკვე ახალი მიწოდებების შემოწმებით. მათზე მოთხოვნა იქნება,“ – აღნიშნავს შაპკინი.
350 რუბლი, რაც ქართული ღვინის მინიმალური ფასი იქნება, რუსი მომხმარებლისთვის საკმაოდ მაღალია – დარწმუნებულია ალკოჰოლის ფედერალური და რეგიონალური ბაზრების კვლევის ცენტრის დირექტორი ვადიმ დრობიზი.
„ეს სრულიად სხვა სეგმენტია, რომელშიც ქართულ ღვინოს მოუწევს კონკურირება ახლო და შორეული აღმოსავლეთის პრაქტიკულად ყველა სახეობის ღვინოსთან. ესაა საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, არგენტინა, ჩილე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ავსტრალია და ა.შ. ამასთან, მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთის ახალგაზრდობას ქართული ღვინის მიმართ ძლიერი ნოსტალგია აქვს და სავარაუდოდ, ამ პროდუქტისადმი ინდიფერენტული იქნება. ეს, პირველ რიგში, უფროსი თაობისთვის განკუთვნილი პროდუქტია. მეორე – ამ კატეგორიის მომხმარებელს ჯიბეში მინიმუმ 350–400 რუბლი უნდა ედოს,“ – აცხადებს დრობიზი.
მოსკოვის მაღაზიებში უკვე იყიდება საქართველოდან იმპორტირებული „ბორჯომი.“ დისტრიბუტორი კომპანიის განცხადებით, ისინი ქართულ მინერალურ წყალზე არსებული მოთხოვნით კმაყოფილნი არიან და უახლოეს ხანებში მის რეალიზაციას მთელი რუსეთის მასშტაბით მოახდენენ.